საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია – ახალი მატარებლები, მიმართულებები და გაზრდილი პოტენციალი
By

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია – ახალი მატარებლები, მიმართულებები და გაზრდილი პოტენციალი

სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტის წარდგენა მიმდინარეობს,  რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან.
პროექტი ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვან განახლებას, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. დაგეგმილია, დაახლოებით, 50 ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენა, რაც სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდას და სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
განახლება შეეხება სამგზავრო მიმართულებასაც – კომპანია 10 ახალი მატარებლის შეძენას გეგმავს, პარალელურად მიმდინარეობს არსებული შემადგენლობების რემონტი და სადგურების რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაემატება ახალი რეისები თბილისი-ქუთაისი-თბილისისა და თბილისი-ახალციხე-თბილისის მიმართულებებით, ხოლო ზაფხულიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით,  მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდება. ასევე, იგეგმება ბორჯომი-ბაკურიანის ხაზის, ე.წ. „კუკუშკის“ აღდგენა.
ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს რკინიგზა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს – ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხამ 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ასევე, გაუმჯობესდა საოპერაციო ეფექტიანობა და გამტარუნარიანობა.
პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება ლოგისტიკისა და გაციფრულების მიმართულებითაც – ჩინეთთან, ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით სასაზღვრო პროცედურების დრო 7.5-ჯერ შემცირდა.
პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც უკვე ყალიბდება როგორც გლობალური ვაჭრობის კონკურენტუნარიანი ალტერნატივა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორის როლს კიდევ უფრო აძლიერებს.

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *