ხვალ ბათუმში რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება
30 აპრილს, ბათუმში, „Expo Batumi“-ს ორგანიზებით, ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა – EBIT 2026“ გაიხსნება, რომელიც 2 მაისამდე გასტანს. ორგანიზატორების თქმით გამოფენის მიზანია ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.
,,გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია B2B შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიება. გამოფენაში მონაწილეობას დაახლოებით 90 ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია იღებს, რომელთა საქმიანობის სფეროებია: ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, დაცული ტერიტორიები, სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები,
სატრანსპორტო კომპანიები, ტურ-ოპერატორები, საკურორტო ზონები / მუნიციპალიტეტები, სადაზღვევო კომპანიები, ტურიზმის დეპარტამენტები და ასოციაციები. გვიხარია, რომ წლიდან წლამდე გამოფენაში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და სფეროებიც გვემატება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, წარმატების მომტანია მათთვის. ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის. ჩვენი კუთხე დამსვენებელს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს, ეს კი ვიზიტიორისთვის ძალიან ხელსაყრელია. გვიხარია, რომ რეგიონის ტურისტულ პოპულარიზაციაში მოკრძალებული წვლილი ჩვენი გამოფენითაც შეგვაქვს’’, – გვითხრა საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „Expo Batumi“-ს დამფუძნებელმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თურქეთის რესპუბლიკის
კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია TURSAB, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო – სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციები, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა 30 აპრილს 11 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.