„ნიკოლასი და მზე“ – სიკეთის ჩუმი გაკვეთილები
აჭარის მწერალთა სახლში პოეტ ჯემალ სურმანიძის საბავშვო ლექსების კრებულის – „ნიკოლასი და მზე“ წარდგინება გაიმართა, წიგნის, რომელიც მზის სხივივით ნაზად ედება ბავშვის გულს. . . კრებული ავტორმა შვილიშვილებსა და მათ თანატოლებს მიუძღვნა, იმ პატარა სამყაროს, საიდანაც იწყება ყველაზე დიდი სითბო. წიგნში გაერთიანებულია სხვადასხვა დროს შექმნილი ლექსები და ზღაპარი, რომლის ინსპირაციაც სწორედ ბავშვების გულწრფელობა და უშუალობა გახდა. „ნიკოლასი და მზე“ ჯემალ სურმანიძის რიგით მეხუთე წიგნია, თუმცა იგი, ასევე, ორი კრებულის თანაავტორიცაა და თითოეული მათგანი ერთ დიდ გზას აგრძელებს, რომელსაც პოეტი სიყვარულით გადის.
საღამოს განსაკუთრებული ელფერი ბავშვებმა შესძინეს. მათი წაკითხული ლექსები სივრცეში ისეთ სითბოს აფრქვევდა, თითოეული სტრიქონი თითქოს ახალ სიცოცხლეს იძენდა. დარბაზში, სადაც შეკრებილიყვნენ მწერლები, პოეტები და ლიტერატურის მოყვარულები, ეს ხმები ყველაზე გულწრფელი იყო.
გამომსვლელებმა ისაუბრეს როგორც წიგნზე, ისე თავად ავტორზე, ადამიანზე, რომლის შინაგანი სინათლე მისივე შემოქმედებაში აირეკლება.
– ჯემალ, შენნაირი ადამიანები სჭირდება საქართველოს, რადგან შენ იძლევი დედამიწაზე სიყვარულის გამრავლების მაგალითს, – ასე მიმართა პოეტმა ვახტანგ ღლონტმა ჯემალ სურმანიძეს.
კოლეგები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჯემალ სურმანიძის პიროვნება და მისი ლექსები ჰარმონიას ქმნის – სიტყვა და ადამიანი ერთმანეთს ავსებს.
წიგნზე განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა პროფესორმა შორენა მახაჭაძემ.
– მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ბავშვები მიუბრუნდნენ წიგნებს, გაჯეტების მაგივრად ხელში დაიჭირონ ასეთი მშვენიერი საბავშვო წიგნები – იკითხონ, ისწავლონ და იყვნენ ბედნიერები. წიგნი მართლაც ძალიან კარგია, თავისი მშვენიერი ილუსტრაციებით. არის პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე გამოცემული და ასეც უნდა იყოს, რადგან ბავშვის წიგნი არ შეიძლება იყოს სხვაგვარი. მთავარი კი, რა თქმა უნდა, არის ის, რაც შიგნითაა – გულწრფელი, მარტივი, გასაგები, ბავშვების ფსიქოლოგიის ცოდნით დაწერილი ლექსები. აქ არცერთი სტრიქონი არ არის ხელოვნური. აქ არ არის დიდაქტიკა, დარიგებები, ის ასწავლის სიკეთეს შეუმჩნევლად. ამიტომაც და კიდევ ბევრი რამისთვის მომეწონა ეს წიგნი. დღეს ასეთი გამოცემები ყველაზე მნიშვნელოვანია, – აღნიშნა შორენა მახაჭაძემ.
თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ილუსტრატორმა დავით ტრაპაიძემ.
– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჯემალს, რომ მომცა საბავშვო ლექსების გაფერადების შანსი. ყველაზე დიდი კრიტიკოსი ბავშვია – თუ არ მოეწონა, უბრალოდ, გადადებს წიგნს, თაროზე შემოდებს. ამ წიგნმა გაიარა პირველი ტესტი – პატარებმა შეიყვარეს. სულ სხვა ემოციაა, როცა ქმნი ილუსტრაციას ბავშვისთვის, ცდილობ, მოხიბლო და ჩაითრიო იმ სამყაროში, რასაც შემდეგ ლექსებით აღრმავებს ბატონი ჯემალი. ეს იყო არაჩვეულებრივი გამოწვევა, – გვითხრა დავით ტრაპაიძემ.
ჯემალ სურმანიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს და გულწრფელად ისაუბრა იმ გზაზე, რომელმაც იგი საბავშვო პოეზიამდე მიიყვანა:
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე საბავშვო პოეზიით დავინტერესდებოდი… პირველი შვილიშვილის დაბადებას მივუძღვენი ლექსი, შემდეგ მეორე და მესამე შვილიშვილსაც… ასე დაიწყო ჩემი გზა ბავშვთა სამყაროში… დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს იყო არა მხოლოდ მიძღვნა, არამედ მათი ფსიქოლოგიის შეცნობის მცდელობა, – თქვა მან.
ავტორი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს წიგნის რედაქტორის, გურანდა ნიჟარაძის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გამოცემის პროცესში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს სპონსორის – მარიკა ხალვაშის მხარდაჭერას: – რომ არა მისი თანადგომა, ეს წიგნი ვერ იხილავდა დღის სინათლეს, – აღნიშნა მან.
ჯემალ სურმანიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს წიგნის მთავარ იდეას – ბავშვების სწორად აღზრდას, სიყვარულის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის განცდის ჩამოყალიბებას.

– თანამედროვე პერიოდში, ინტერნეტისა და გაჯეტების ხანაში, მინდა ბავშვებმა მობილურის ნაცვლად წიგნი აიღონ ხელში, განავითარონ თავიანთი ნიჭი. მშობლებსაც ვთხოვ, ბავშვები მაქსიმალურად გაიყვანონ ბუნებაში – მთაში, ზღვაზე, რათა სწორ ფასეულობებზე გაიზარდონ. ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი, დაცული და თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თითოეულ ადამიანს, ვინც წიგნის გამოცემაში დამეხმარა, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა „ნიკოლასი და მზე“ ყოფილიყო ისეთი საინტერესო, როგორიც არის. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მადლობა დათო ტრაპაიძეს, წიგნის ილუსტრატორს, რომელთან მუშაობაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა ყველაზე გულწრფელი შემფასებლების – ბავშვების სიყვარული. მადლობა აჭარის მწერალთა სახლს მუდმივი მხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც ჩემი შემოქმედების გულშემატკივარია, – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ.

„ნიკოლასი და მზე“ მხოლოდ წიგნი არ არის, ეს არის ფანჯარა, საიდანაც ბავშვი სამყაროს სიკეთის თვალით უყურებს. ეს არის ტექსტი, რომელიც ჩუმად, შეუმჩნევლად აყალიბებს ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვმა სწორ დროს სწორ წიგნს მიაგნოს, წიგნს, რომელიც მის შინაგან სამყაროს გაანათებს და ამ სინათლეში ჯემალ სურმანიძის წიგნი ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს.
ნანა აბულაძე