ომბუდსმენის მოწოდება – პროტესტის უფლება და დიალოგის აუცილებლობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს როგორც შეკრების თავისუფლების, ისე კომუნიკაციის მნიშვნელობას.
„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, საკითხის სიმწვავისა და განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგის წარმართვის საჭიროებას, რაც, ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებული პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები, დიუშენის – კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, მათი შვილებისთვის აუცილებელი მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვენ. ამ კონტექსტში, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს შეკრების ფორმის თავისუფლებაზეც.
„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების გამართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ“.
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ მსგავსი შეზღუდვები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად:
„ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე“.
სახალხო დამცველის შეფასებით, მიმდინარე პროცესი საჭიროებს არა მხოლოდ სამართლებრივად სწორი გარემოს უზრუნველყოფას, არამედ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის აქტიურ დიალოგსაც, რაც მსგავსი სენსიტიური საკითხების გადაჭრის მთავარი წინაპირობაა.