15 საქმეზე, პასუხისგებაში 13 პირია მიცემული
„საანგარიშო პერიოდში (2025 წელი), ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, ცალკეული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ახორციელებდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო/ოპერატიულ ღონისძიებებს – შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სამსახურის მიერ ტარდებოდა აქტიური ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის ნიშნებისა და კონკრეტული ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და მათი შემდგომი ოპერატიული კონტროლის მიზნით“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2025 წლის საქმიანობის ამსახველ ანგარიშში წერს.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე, მათ შორის, საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტებზე.
„მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა მოპოვებული ოპერატიული მასალების ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია აღნიშნული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების შეფასებისა და საჭირო კონტრზომების შესამუშავებლად.
საანგარიშო პერიოდში, გამოვლენილ იქნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს, კავშირს ამყარებდნენ მათი დაინტერესების ობიექტებთან და ორგანიზაციებთან. ოპერატიული საქმიანობის შედეგად დადგინდა იმ პირთა წრე, რომელთა მეშვეობით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები ცდილობდნენ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას. 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 15 საქმეზე, ხოლო პასუხისგებაში მიცემულ იქნა 13 პირი.
ამასთან, სამსახურის უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.