ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა
„ყველგან, სადაც კი გვქონდა შეხვედრა, საუბარი იყო პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკის ძლიერი პოზიციების შეფასებაზე, ჩვენს მედეგობაზე“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ქართული დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებთან. „პირველ რიგში, გამოვყოფ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან. მათთან შეხვედრებისას წინ არის წამოწეული რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები და ამისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან კარგ პლატფორმას გვთავაზობს. საუბრები გვქონდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის როლზე, რაც ახალმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევამ – ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. მისასალმებელია საყოველთაო შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით, თავისი მიმზიდველობით, რეფორმირებული სტრუქტურებით, გამჭვირვალობით და მაღალი ხარისხის ინფრასტუქტურით, რომელიც მზად არის მიიღოს დამატებითი ტვირთები, გაწიოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება და რაც მთავარია, წარმოვჩნდით როგორც ახალი და მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი ინვესტორი მომავალში აირჩევს საქართველოს იმისთვის, რომ აქ დაფუძნდეს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრთან ერთად ამერიკული საინვესტიციო კომპანიების J.P. Morgan-სა და Bank of America-ს ინვესტორებთან გამართა შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აშშ-ში ვიზიტისას, სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.
ცნობისთვის: 13-18 აპრილს, ოფიციალურმა ვაშინგტონმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებს უმასპინძლა, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ცენტრალური ბანკირები და ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. განიხილავდნენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის თემებს.