ქოჩახელას მოსწავლე
By

ქოჩახელას მოსწავლე

ჭიბონი აჭარის მთიანეთში ერთობ გავრცელებული მუსიკალური ინსტრუმენტია. ისტორიამ, მასზე დაკვრის ოსტატებთან ერთად, იმათი სახელებიც შემოგვინახა, ვინც ჭიბონს ამზადებდნენ. 95 წლის ასაკში წავიდა წუთისოფლიდან ცნობილი მეჭიბონე ედემ სურმანიძე (ქოჩახელა). ედემი სხალთა-ხიხანის ხეობის მკვიდრი იყო. მას ცნობილმა ხიხაძირელმა მეჭიბონეებმა ხულუს აბაშიძემ და საფო ხალვაშმა ჯერ ჭიბონზე დაკვრა, ხოლო შემდეგ ამ მუსიკალური ინსტრუმენტის დამზადებაც ასწავლეს.

ედემი ჭიბონის დაკვრაში ისე დაოსტატებულა, რომ ხეობის ყველა ცნობილი მეჭიბონე უკან ჩამოუტოვებია. ზეპირად სცოდნია მრავალი ხალხური ლექსი და შაირი, თვითონაც თხზავდა ხალხურ ლექსებსა და ლამაზ შაირებს, რომლებსაც შესაშურად ამღერებდა კიდეც. მელოდიაც მას ეკუთვნოდა. მისი პოეტური რეპერტუარი მუდამ მდიდარი და ამოუწურავი იყო. ედემი ხეობაში გამართული ქორწილების, ნადის, შუამთობის და სხვა ხალხური ღონისძიებების ხშირი სტუმარი ყოფილა. ერთხელაც ჭვანის ხეობის სოფელ ზემოხევში ქორწილში დამკვრელად მიუწვევიათ. აქაური დურსუნ ყიფიანი მაშინ 14 წლის ჭაბუკი ყოფილა.

ზემოხეველი ქარცივაძეები და კონცელიძეები „განდაგანის“ და „ხორუმის“ უბადლო შემსრულებლები იყვნენ. ცეკვებში თურმე დურსუნიც ერთვებოდა. სიბრძნის ასაკში მყოფ ქოჩახელას ყოჩაღი ჭაბუკი მოსწონებია და მისთვის ჭიბონზე დაკვრის სწავლება შეუთავაზებია. კარგი მასწავლებლის დამსახურებით, დურსუნს მალე აუთვისებია ჭიბონზე დაკვრის ხელოვნება და მუსიკალური ინსტრუმენტის დამზადება. ისე დაოსტატებულა, რომ ედემის რეკომენდაციით, 1937 წელს მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა.

ჭვანის ხეობას ყველა დროში ჰყავდა ცეკვა-სიმღერის წარმატებული შემსრულებლები, ხალხური მთქმელები. დურსუნი, განუყრელი ჭიბონით, გვერდს უმშვენებდა „განდაგანის“ უბადლო შემსრულებლებს: მუხამედ ართმელაძეს, მამია ჭაღალიძეს, ხასან შარაშიძეს, ალი მახარაძეს და სხვებს. მათთან ერთად გამოდიოდა საოლქო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებზე.

– სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მშობლებმა „შუამთობაზე“ წამიყვანეს, იმ დღეს დურსუნის მიერ ჭიბონზე შესრულებული მელოდიებით მრავალმა ადამიანმა მოილხინა, მეც ვიცეკვე. მას შემდეგ 70 წელზე მეტი გავიდა და სცენიდან აღარ ჩამოვსულვარ, – გვითხრა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ წევრმა, ღირსების ორდენოსანმა ნოდარ ქარცივაძემ.

ხელოვნებასა და ხელოსნობას დურსუნი მრავალშვილიანი ოჯახის წინამძღოლობას, საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომას უთავსებდა. ბარათაულელ მადლენა ტარიელაძესთან ერთად 6 ვაჟი და 2 ქალიშვილი გაზარდა, დააოჯახ-დაასახლკარა. შაქროს, ზაურის, დათოს, გიორგის შემდეგ წუთისოფელს ჯემალი მოევლინა. სწორედ მან ითავა მამის ხელოვნებისა და ხელოსნობის გაგრძელება. ჯემალი უკვე 66 წლისაა. დანარჩენი და-ძმების მსგავსად, ისიც განერიდა დამეწყრილ ზემოხევს და ახლა ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში სახლობს. ჯემალი მამის ტრადიციას აგრძელებს და ცდილობს, შვილიშვილს ესტაფეტა გადასცეს.

– დედა 90 წელსაა გადაცილებული, იგი დამეწყრილ ზემოხევს მაინც ვერ ელევა. ზაფხულის თვეებს იქ ატარებს, თავისებური რუდუნებით წინაპრების საძვალეებს ეფერება. გურიაშიც მსტუმრობს. საამაყო და სათქმელი მრავლად აქვს, უკვე 4 თაობას მოესწრო, მამისა და მისი შთამომავლობის რაოდენობა 100-ს უახლოვდება. ხელოვნების მოტრფიალე ისიც იყო, – გვითხრა ჯემალმა.

დურსუნი და მისი ხელოვნება თითქმის მივიწყებული იყო, როცა მწერალმა და მკვლევარმა, ფესტივალ „შვილიშვილების“ იდეის ავტორმა და წამომწყებმა ვახტანგ გოგრაჭაძემ მისი გაცოცხლება ითავა. მან აჭარიდან კახეთში საცხოვრებლად გადასული ჭვანელი ყიფიანების ოჯახში მიაკვლია დურსუნის მიერ ჭიბონზე შესრულებულ მელოდიებსა და ფანდურზე დამღერებულ ლექსებს.

– წელს მეორედ გაიმართება ფესტივალი „შვილიშვილები“. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ მივიწყებული ხელოვანი და მისი შთამომავლობა, – გვითხრა ვახტანგ გოგრაჭაძემ.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *