„პიესამ მოსვენების შესაძლებლობა არ უნდა მომცეს“
By

„პიესამ მოსვენების შესაძლებლობა არ უნდა მომცეს“

ჩვენი სტუმარია ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი გიორგი კაშია, რომელმაც ბათუმის დრამატულ თეატრში ორი სპექტაკლი დადგა – დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და ნიკოლაი გოგოლის „რევიზორი“.
გიორგი კაშია იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თეატრს არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობის არეალად, არამედ სამყაროსთან ურთიერთობის ურთულეს, ხშირად მტკივნეულ ფორმად აღიქვამენ. თეატრი მისთვის არის სივრცე, სადაც დრო ჩერდება, სადაც რეჟისორი საკუთარ შიშებსა და მანკიერებებს პირისპირ ხვდება. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეჟისორია, თუმცა საკუთარი წარმატების მიმართ მაინც სკეპტიკურად განწყობილი რჩება, არ უყვარს ოვაციები და გულახდილად აღიარებს, რომ საკუთარ თავთან ბრძოლისას პროფესიიდან წასვლაზეც კი უფიქრია. გიორგი კაშიას შემოქმედებითი გზა მუდმივი კითხვების, წინააღმდეგობებისა და აღმოჩენების გზაა. ჩვენთან ინტერვიუში გიორგი თავის შემოქმედებაზე, იმ უხილავ ძაფებზე გვესაუბრება, რომლებიც მას პიესებთან აკავშირებს და იმ სიჩუმეზე, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, მთელი ცხოვრება ეძებდა.
გიორგი, რეჟისურა ბავშვობიდან გიტაცებდათ? რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
– სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიტაცებდა, მეგონა სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა ჩემი ცხოვრება. მახსოვს, როცა თეატრში პირველად მოვხვდი, ძალიან დიდი აგრესია გამიჩნდა ამ სფეროს მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, უნიჭო სპექტაკლი გამოდგა. ალბათ ადამიანი, რომელიც პირველად შეიგრძნობს რაღაცას, მერე ეს მთელი ცხოვრება ამახსოვრდება. ძალიან უინტერესო სპექტაკლი იყო და გაბრაზებული წამოვედი სახლში. შესაბამისად, ბავშვობაში თეატრის მიმართ ინტერესი ამან გააქრო. წლების შემდეგ ჩემს მეგობარს წავყევი და სრულიად შემთხვევით ქუთაისის თეატრალური სასკოლო-სამოყვარულო დასის მუშაობის პროცესს დავესწარი. როგორც კი იქ  შევედი, ძალიან დიდი დაძაბულობა ვიგრძენი. სხვათა შორის, დღემდე ასე ვარ, როცა თეატრში შევდივარ. იგი ჩემთვის სამსახურის შენობა კი არ არის, არქაული და ამავე დროს თანამედროვე სივრცეა. თეატრს შეუძლია დაძაბულობა შემოიტანოს შენში, როგორც დიდმა მონსტრმა, რომელიც ყოველწამიერად გყლაპავს. შემდეგ საკმაოდ დიდხანს მსახიობობა მინდოდა, ერთხელ კი აღმოვაჩინე, რომ როდესაც რაღაც მიზანსცენებზე ვფიქრობდი (მაშინ არ ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა), იმდენად მსიამოვნებდა ამაზე ფიქრი და რაღაც ახლის გამოგონება, რომ ამას სახელი დაერქვა – მივხვდი, რა პროფესიაზე იყო საუბარი, ეს იყო რეჟისურა. სხვათა შორის, ორჯერ ჩავიჭერი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე და მესამე ცდაზე ჩავაბარე. ამის შემდეგ ჩემთვის დაიწყო რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრება. მოვხვდი ძალიან კარგ პედაგოგთან – გოგი თოდაძესთან და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ მომცა ამ ადამიანმა ცხოვრებაში, არამხოლოდ პროფესიულად, ადამიანურადაც. თეატრი ურთიერთობების ადგილია. სწორი ურთიერთობები განსაზღვრავს ყველა პროდუქტს და შედეგს. თუ ოდნავი ცდომილებაა რეჟისორისა და მსახიობის აზროვნებაში სპექტაკლთან მიმართებაში, ეს საქმესაც ეტყობა. ვფიქრობ, პედაგოგისგან სწორი მიმართულების მიცემა მომავლი რეჟისორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ბატონი გოგი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ დღემდე მეხმარება მისი რჩევა-დარიგებები და ძალიან მადლიერი ვარ.
როგორ იწყება თქვენთვის სპექტაკლზე მუშაობა, იდეით თუ ვიზუალური ხედვით?
– იდეით, რა თქმა უნდა. რეჟისორები სხვადასხვა დრამატურგიას, რომ ვკითხულობთ, პირველი, რაც ჩვენთვის გასაგები ხდება, თემა და იდეაა. მნიშვნელოვანია, რა არის ავტორისეული სათქმელი, რა მოვლენას ეხმიანება იგი. გენიალური დრამატურგები, სწორედ, მნიშვნელოვან მოვლენებს აღწერენ თავიანთი სიტყვის ძალით. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ილექება და როცა რაღაც თემაზე მინდა ვისაუბრო, ვიწყებ ფიქრს, ვინ არის ამ იდეის და თემის გამტარი. . . ხან აღმოვაჩენ, ხან – ვერ, შემდეგ ისევ ვკითხულობ. . . თუმცა არის პიესები, რომელთა დადგმაც ყოველთვის მინდოდა და ასეთი პიესაა „რევიზორი“. არის პიესები, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში სენტიმენტალური მიჯაჭვულობა განსაზღვრა. ალბათ, ყველაფერს გააჩნია სული და სულისკვეთება. არ შეიძლება ადამიანმა შექმნას რაღაც ხელოვნების ნიმუში და მას არ გააჩნდეს თავისი ანატომია. . . და როცა მას შეეხები, ის აუცილებლად დაგელაპარაკება. სწორედ ეს იდუმალი დიალოგი იწვევს ამ მიჯაჭვულობას. ამიტომ არის პიესები, რომლებსაც ვიცი, აუცილებლად დავდგამ და პირიქით, რომლებსაც არასოდეს დავდგამ, რადგან ის წაკითხვისას არ შემეხო.

რა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად, სპექტაკლის დადგმის პროცესი თუ ის ემოცია, რომელიც იქ იბადება?
– ჩემი ცხოვრებისეული კრედო არ არის ის, რომ აუცილებლად რაღაც ემოცია ვიგრძნო, ან მაყურებლის ოვაციამ ცაში ამსტყორცნოს, პირიქით, სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მაღიზიანებს კიდეც საკუთარი თავი ამ მომენტში. ალბათ, სუბიექტური ვარ, მაგრამ არ მიყვარს, როცა ტაშს მიკრავენ. ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული მნიშვნელოვანი დღეებიც მაღიზიანებს, სადაც ყველაზე ბედნიერი წამები ვიგრძენი. შარშან ერთ-ერთ ფესტივალზე გრან პრი ავიღეთ და ცუდ ხასიათზე ვიყავი. ყველა მეკითხებოდა მიზეზს. ალბათ დიდ ემოციურ „შეტაკებას“ ადამიანები სხვადასხვანაირად ვიღებთ – ვიღაც სიცილით და ღიმილით, ვიღაცისთვის – სევდის მომგვრელია, ასე ვხსნი ამ ყველაფერს. ცხადია, ბედნიერებას ვგრძნობ, როცა ჩემი გუნდის წევრებს ვხედავ და ვიცი, ისინი ღირსეულად წარსდგნენ, რა თქმა უნდა, ამით ვბედნიერდები, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. საკუთარ თავზე თეატრიდან იმდენად გაბრაზებული წამოვსულვარ, ამ პროფესიიდან წასვლაც კი მომდომებია. ბევრი დღეა ასეთი, როცა საკუთარ თავს ებრძვი, ეძახი უნიჭოს, იმიტომ, რომ გაეჭედე, იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის, მაგრამ თენდება ერთი დღე, როცა ყველაფერი თავისით ლაგდება და გრძნობ, რომ იმსახურებ იმ ადგილას ყოფნას, სადაც ხარ. ეს დღეები უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე შედეგი. . . შედეგი ყოველთვის დადგება. ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომა ხელს კი არ მიშლის, პირიქით, იგი მოსვენების საშუალებას არ მაძლევს, რადგან, ვთვლი, რომ ხელოვანი არ უნდა იყოს შემგუებელი. შედეგზე შეგუება და ამით ტკბობა წლების განმავლობაში, არ მიმაჩნია სწორად. არიან ხელოვანები, რომლებმაც ერთხელ რაღაც შექმნეს და შემდეგ მთელი ცხოვრება ამით ტკბებიან. ჩემთვის კარგი მაგალითია რობერტ სტურუა, რომელიც დღემდე დგამს სპექტაკლებს, მაგრამ მისი გენიალური სპექტაკლების ტკბობაში არ ცხოვრობს, არამედ ახალს ქმნის ყველდღიურად.
– როგორ არჩევთ პიესებს?
– იცით, რაღაც უნდა გაჩნდეს შენსა და მას შორის. ადამიანთან რომ ურთიერთობ და შენთვის ახლო მეგობარი ხდება, ასეა პიესებიც. თითოეულ პიესას ხატებად ხედავ შენს გონებაში და გინდა, რომ რაღაც გრძნობა და ემოცია მიუსადაგო. პიესამ მოსვენების შესაძლებლობა არ უნდა მომცეს. ამჟამად „ჰამლეტზე“ ვმუშაობ. ესაა პიესა, რომლის დადგმაც ყოველთვის მინდოდა. ვიცი, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე, ცდუნებამ მძლია. ალბათ შემდგომშიც, რამდენიმეჯერ დავდგამ „ჰამლეტს“, რადგან იგი ამოუწურავია, როგორც დრამატურგიის მარგალიტი, სტრუქტურულად ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად, გენიალურია.
რა სირთულეებს აწყდებით ამ პროფესიაში და როგორ ახერხებთ მათ დაძლევას?
– ძალიან ბევრი სირთულეა, არ ვიცი, ვახერხებ თუ არა დაძლევას. ყველაზე დიდი სირთულე საკუთარ თავთან კონფლიქტია. სირთულეა, როცა დრამატურგია არ გემორჩილება, როცა გაანაწილე როლები და მიხვდი, რომ შეცდომა დაუშვი. . . ძალიან მოქმედებს ჩემზე ეს ყველაფერი. თეატრს ბევრი სხვა სირთულეც ახლავს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა.

როგორ შეიცვალა თქვენი თეატრალური ხედვა მას შემდეგ, რაც ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი გახდით?
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ცხოვრებაში. არ ვფიქრობ, რომ თავისუფლება შემეზღუდა, უბრალოდ, პასუხისმგებლობები გამიასმაგდა, რადგან ახლა არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი, არამედ იმ დასზე, რომელსაც ვხელმძღვანელობ, იმ შემოქმედებაზე, რომელიც ჩემს თეატრში კეთდება და იმ ადამიანებზე, ვინც ამ შემოქმედებას ქმნის. თუ დავაკვირდებით, რეჟისორების უმრავლესობას შაქრიანი დიაბეტი აქვს, ოღონდ შეძენილი. ეს მუდმივად სტრესში ყოფნის ბრალია, მე ამით ვხსნი და ველოდები, როდის დამემართება შაქარი (იცინის).
როგორ მოიპოვებთ ავტორიტეტს გუნდში?
– ვფიქრობ, თუ პროცესს სწორად მართავ, უკვე ავტორიტეტი ხარ. თუ ცდილობ, რომ ავტორიტეტი მოიპოვო, მაშინ არ ხარ ავტორიტეტი.
თქვენი სპექტაკლებიდან რომელს გამოყოფდით, როგორც თქვენთვის გარდამტეხ ნამუშევარს?
– დღეს გონებაში ვითვლიდი და დაახლოებით 25 სპექტაკლი მაქვს დადგმული, 2019 წლიდან 2026-ის ჩათვლით. გამოვყოფდი დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერებას“, რომელიც თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, სასწავლო თეატრის სცენაზე დავდგი. როლებზე მთლიანი მეორე კურსი მყავდა განაწილებული. გარდამტეხი სპექტაკლი სწორედ ეს პიესა აღმოჩნდა, რადგან ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ პერიოდში დავდგი და შემდგომ ამან განსაზღვრა ყველაფერი. დიდი დაღი დამასვა ამ სპექტაკლმა და იმ მდგომარეობამ, როგორიც მაშინ მქონდა, ამიტომაც მიყვარს ყველაზე მეტად.
ბათუმის დრამატულ თეატრში უკვე მეორე პრემიერა – რევიზორი გამართეთ, რა განასხვავებს ამ გამოცდილებას პირველისგან?
– პირველი სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ იყო. ალბათ, ის განასხვავებს, რომ უკვე დასსაც ვიცნობდი და ტექნიკურ გუნდსაც. ძალიან კარგია, როცა იცი სად მიდიხარ, ვინ გხვდება, ურთიერთობებს სწავლობ და ადამიანებს იცნობ. ჩემთვის ეს იყო კომფორტის ზონა, როცა უკვე ვიცოდი, რა და როგორ უნდა მეკეთებინა.
რა იყო მთავარი გზავნილი, რომლის მიტანაც ამ პრემიერებით მაყურებლამდე გსურდათ?
– იცით, მე არ ვიცი რა მიმაქვს მაყურებელთან, მე ვარ პროცესში, სადაც არ ვიცი, რა მოხდება, შესაბამისად, ამას ვერ ვგეგმავ. ჩემი სათქმელი, ჩემი საიდუმლოა, ჩემი პირადია, რისი გამხელაც არავისთვის არასოდეს მინდა. თუ ეს მოვყევი, მაშინ ვეღარ დავდგამ. მე ამ საიდუმლოს, ამ ჩემს მანკიერ მხარეს სცენაზე პირდაპირ არასდროს ვამჟღავნებ. ამიტომ, გზავნილი თუ სათქმელი, არ მაქვს. მე მაქვს კვლევის პროცესი, პირველ რიგში, საკუთარი თავის და შემდეგ იმ მასალის, რომელზეც ვმუშაობ.

რამდენად ტოვებთ სივრცეს იმპროვიზაციისთვის მსახიობებთან მუშაობისას?
– არის სპექტაკლები, სადაც ვერ ვტოვებ, რადგან იქ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც საჭიროება მოითხოვს. მაგალითად, „რევიზორში“ ძალიან დიდი სივრცე დავტოვე იმპროვიზაციისთვის, იმდენად დიდი, რომ მე თვითონ არ მჯერა. ალბათ მე ვქმნიდი მოცემულობებს, სადაც მინდოდა, რომ მსახიობებს კომფორტი ეპოვათ, ეს რამდენად გამომივიდა, ამას მეათე დადგმის შემდეგ მივხვდებით. პრემიერა არტისტებისთვის და ტექნიკური გუნდისთვის ემოციური ფონია. იმდენად იმპულსურია პრემიერების დღეს ყველაფერი, არ შეიძლება ამას რაციონალურად შეხედო. გგონია, რომ ისაა, რაც უნდა იყოს, თუმცა როცა რაციონალურად იწყება ნამუშევრის აღქმა, მაშინ ხვდები – გამოგივიდა, თუ არა.
როგორ მუშაობთ მსახიობებთან მაშინ, როცა ისინი თქვენს ხედვას არ იზიარებენ?
– ამ შემთხვევაში არ ვმუშაობ. ყოფილა, გამიშვია კიდეც მსახიობი ჩემი სპექტაკლიდან, თუმცა ხედვას – არა, უფრო სხვა რაღაცებს არ იზიარებდა.
არის თუ არა სპექტაკლი თქვენთვის სოციალური განცხადება?
– რა თქმა უნდა, თეატრი სოციალურია. თითოეული ადამიანი, თუ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად მივხვდებით, რომ სოციალურ განცხადებას აკეთებს. შეიძლება მაისურის იარლიყით აკეთებდეს, ტატუთი, რომელიც აქვს, სიარულის ფორმით, აბსოლუტურად ყველაფრით გამოხატავს საკუთარ თავს. ეს ყველაფერი თუ შეგვიძლია, ძალიან კარგია.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია თეატრს საზოგადოების შეცვლა?
– არ შეუძლია თეატრს საზოგადოების შეცვლა. ჩემთვის თეატრი დიონისეს ღამეებიდან იწყება, ამ დრომდე ვერაფერი შეცვალა და კაშია, ცხადია, ვეღარ შეცვლის, ვერც – კაშიაზე ნიჭიერი რეჟისორები. მე ასე მგონია.
რომელი სპექტაკლი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, როგორც მაყურებელს და რატომ?
– ძალიან დამამახსოვრდა რიმას ტუმინასის „ევგენი ონეგინი“ და სხვათა შორის „რევიზორშიც“ მაქვს ერთი მიზანსცენა, სადაც დუელის სცენა უნდა დამედგა. სხვა გზა არ მქონდა, უნდა მიმებაძა ვიღაცისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან იმხელა გავლენა გაქვს რაღაცისგან მიღებული, ეს პლაგიატი კი არ არის, ან რაღაცის გადმომღერება, ეს მიჯაჭვულობაა იმ მოვლენის მიმართ. ამ დუელის სცენაში მისი ესთეტიკა უნდა შემენარჩუნებინა და ვიცოდი, რომ „ევგენი ონეგინს“ დაემსგავსებოდა, ამიტომ მანამდე პერსონაჟს ვათქმვინე – „ჩემი დაწერილია ევგენი ონეგინიო“. სამწუხაროდ, ცოცხლად არ მაქვს ნანახი რამაზ ჩხიკვაძის სპექტაკლები, რომლებმაც, ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. რობერტ სტურუას სპექტაკლებიც მათ სიაშია. . . ვანო ხუციშვილის „მაკბეტიც“, რომელიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში დაიდგა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპექტაკლია. ასევე, გავლენა მოახდინა გიორგი სიხარულიძის სპექტაკლებმა, რადგან, ფაქტობრივად, მის სპექტაკლებზე გავიზარდე.
თქვენს კარიერულ გზაზე არის თუ არა რამე ისეთი, რასაც დღეს სხვანაირად გააკეთებდით?
– გული არავისთვის მიტკენია და ალბათ ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც არის. რაღაცები შემეძლო უკეთესი ფორმით გამეკეთებინა, თუმცა არ ვნანობ, რადგან არაფერი დამიშავებია.
– რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ამავდროულად, ამბიცია, რომ რაღაც ღირებული გავაკეთო. ამაში არ ვგულისხმობ დიდებას და ცაში აფრენას, ამბიცია საკუთარ თავთან წამოყენებულ წინადადებებს ნიშნავს და პასუხისმგებლობის ძალიან დიდ ხარისხს. ეს უკვე ჩემთვის მაპროვოცირებელია იმისა, რომ ხვალ გავიღვიძო, თეატრში მივიდე და რაღაც საინტერესო პროცესში ჩავერთო. აქვე ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება სცენაზე სიჩუმეს ვეძებდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა მიმეღწია ამ სიჩუმემდე, პაუზას რომ ეძახიან. . . იგი ბოლო დადგმაზე აღმოვაჩინე, სადაც მეგობარს მეგობარი ღალატობს და სუიციდით ამთავრებს ცხოვრებას. ამ სცენის დასასრულს, უცებ მუსიკა გამოირთო, ყველა აპარატი ჩაქრა, მხოლოდ და მხოლოდ სიჩუმე და მე აღმოვჩნდით ერთად. . . უცებ მსახიობმა კითხვა დამისვა: კაშო, ახლა?. . ჩუმად! ახლა მივაგენი იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი! მოვლენა შეიგრძენი და როდესაც მიხვდები, რომ სიჩუმე უნდა დაარღვიო, მაშინ დაარღვიე-მეთქი, ვუპასუხე. . . საბედნიეროდ, ნიჭიერ მსახიობებს ესმით, რასაც გულისხმობ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *