ზანდა მესხიძე – ქალი, რომელიც იდეებს ემოციებად გარდაქმნის
By

ზანდა მესხიძე – ქალი, რომელიც იდეებს ემოციებად გარდაქმნის

ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა, თუმცა, სინამდვილეში ქალის ძალა, შრომა, სითბო და შემოქმედებითი ენერგია არცერთ თვეში არ ეტევა, ის ყოველდღიურად ქმნის ისტორიებს, იდეებსა და სამყაროს, სადაც სიყვარული, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. მარტი მხოლოდ კარგი მიზეზია, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ ქალებზე, რომლებიც საკუთარ გზას თავად ქმნიან და ამ გზით სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცევიან.
ზანდა მესხიძე სწორედ ასეთი ქალების რიგს ეკუთვნის. ის მშვიდი ძალის, გამბედაობისა და დიდი შრომის მაგალითია. ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, მეწარმე, ინოვაციური სასმელის „ოქროველის ტყის მოცვის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „კასტელო მარეს“ ხელმძღვანელია. მის ცხოვრებაში ერთმანეთს ერწყმის პროფესიული ხედვა, ოჯახური სითბო და იმ სივრცეების შექმნის სურვილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ემოციები, გამოცდილება და მოგონებები გაიზიარონ. ზანდა მესხიძის გზა განსაკუთრებულია იმ იშვიათი უნარით, რომელიც ძლიერ ადამიანებს აქვთ – იდეის დანახვა იქ, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ რეალობას ხედავენ. სწორედ ასე იქცა მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივი სიმდიდრე – ტყის მოცვი უნიკალურ სასმელად, „ოქროველის ტყის მოცვად“, ხოლო „კასტელო მარე“ – არა მხოლოდ სასტუმროდ, არამედ ადამიანების შეხვედრის, ემოციების გაზიარებისა და განსაკუთრებული მოგონებების სივრცედ.
ქალების თვეში გვინდა მოგიყვეთ ქალზე, რომლისთვისაც წარმატება მხოლოდ მიზანი არ არის, ეს არის გზა, რომელიც სიყვარულით შექმნილი საქმით, შრომით, ადამიანების პატივისცემითა და მუდმივი განვითარებით იწერება. ზანდა მესხიძის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საქმეს თუ გულით აკეთებ, ის აუცილებლად იძენს მნიშვნელობას არა მხოლოდ შენთვის, არამედ ყველასთვის, ვის ცხოვრებასაც ოდნავ მაინც ეხება.

ქალების თვე ხშირად გვახსენებს, რამდენად მრავალფეროვანი და რთულია ქალის როლი საზოგადოებაში. თქვენ წარმატებული მეწარმე ხართ, სასტუმრო კასტელო მარეს დირექტორი, ამავე დროს ოჯახისა და ბიზნესის თანაბრად წარმატებით მართვა გიწევთ. როგორ ახერხებთ ამ ბალანსის შენარჩუნებას და რა არის თქვენი პირადი წარმატების ფორმულა?

– ნამდვილად, ქალების როლი ერთდროულად მრავალფეროვანიც არის და საკმაოდ რთულიც, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში. გულწრფელად რომ ვთქვა, სიტყვა „ბალანსი“ ალბათ ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავს რეალობას, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი იშვიათად არის იდეალურად თანაბრად განაწილებული. ეს უფრო მუდმივი მოძრაობაა, სადაც ყოველდღიურად გიწევს პრიორიტეტების გადანაწილება. ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთს ერწყმის რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო – ოჯახი, ბიზნესის მართვა, აკადემიური საქმიანობა და სოციალური პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, სწორედ ეს მრავალფეროვნება მაძლევს ენერგიას, ასევე, შესაძლებლობას, სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდე და აქ ბალანსზე საუბარი ძალიან რთულია. უბრალოდ ვცდილობ, არ მოვაკლო დრო არცერთ მიმართულებას. რაც შეეხება წარმატების ფორმულას – შრომა, მუდმივი განვითარება, პასუხისმგებლობა და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ. როდესაც საქმეს გულით აკეთებ და ცდილობ, ადამიანებისთვის რეალური ღირებულება შექმნა, შედეგიც აუცილებლად მოდის.

ხშირად, წარმატებული ქალი ძლიერი ოჯახის საყრდენიც არის. თქვენთვის რას ნიშნავს დედობა, ოჯახი და როგორ ახერხებთ, რომ პროფესიული აქტიურობა ამ პასუხისმგებლობებთან ჰარმონიაში იყოს?

– დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, თუმცა ოჯახი მხოლოდ შვილებით არ განისაზღვრება. ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ჩემ გვერდით დგანან – მეუღლეს, რომელიც, პირველ რიგში, იდეალური მამაა, დედამთილს, რომელსაც ჩემს მეორე დედად მივიჩნევ, ჩემს იდეალურ და ყოვლისშემძლე დედას და დეიდებს – სწორედ მათი მხარდაჭერა მაძლევს შესაძლებლობას, რომ პროფესიული საქმიანობაც პასუხისმგებლობით გავაგრძელო. ვფიქრობ, როცა ოჯახში არის ერთმანეთის მხარდაჭერა და ნდობა, ბევრად უფრო მარტივი ხდება სხვადასხვა როლის შეთავსება და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საოცრად გამიმართლა.

თქვენი ოჯახი კიდევ ერთი საინტერესო პროექტის ავტორია. ღვინო ოქროველის ტყის მოცვი მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივ რესურსს ეფუძნება. როგორ გაჩნდა ამ ღვინის შექმნის იდეა და როგორი იყო მისი დაბადების ისტორია?

– ეს ისტორია, რეალურად, ჩვენი ოჯახის მრავალწლიანი საქმიანობიდან დაიწყო. წლებია, მაღალმთიან აჭარაში მოპოვებულ ტყის მოცვს ვაშრობთ და სამკურნალო დანიშნულებით ექსპორტზე ვაგზავნით. ამ პროცესში ყოველთვის რჩებოდა ტყის მოცვის წვენი, რომელიც თითქოს უმიზნოდ იკარგებოდა. რამდენიმე წლის წინ კი შევამჩნიეთ, რომ ეს წვენი ბოცაში ბუნებრივად იწყებდა დუღილს. როდესაც დავაგემოვნეთ, მისი გემო ძალიან ჰგავდა მაჭარს – ბუნებრივ, ცოცხალ სასმელს. სწორედ ამ აღმოჩენამ დაგვაფიქრა, რომ შეიძლებოდა იგი უფრო გააზრებულ და საინტერესო, ინოვაციურ პროდუქტად გვექცია. თავდაპირველად, სასმელს მხოლოდ ოჯახში და მეგობრებთან ერთად ვიყენებდით, თუმცა მათი დიდი ინტერესისა და დადებითი შეფასებების შემდეგ გაჩნდა ბოთლირების იდეაც. „ოქროველის ტყის მოცვი“ არის მხოლოდ ალკოჰოლის 7№ -იანი შემცველობის სასმელი, რომელიც თავისი სტრუქტურით ღვინის ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა კლასიკურ ღვინოდ არ ითვლება.

ვინც თქვენი სასმელი დააგემოვნა, თითქმის ერთხმად აღნიშნავს მის გამორჩეულ, უნიკალურ გემოვნურ თვისებებს. თქვენი აზრით, რა არის ამ განსაკუთრებული გემოს საიდუმლო?

– ყველაზე მეტად სწორედ ეგ მახარებს, რომ დადებითი უკუკავშირი გვაქვს და უკვე ერთგული მომხმარებლების სიაც იზრდება. რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს – ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა, თავად ნედლეულია – მაღალმთიან აჭარაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ბუნებრივი ტყის მოცვი. ის გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით და აქვს ძალიან სუფთა, ბუნებრივი გემო ყოველგვარი დანამატების გარეშე. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი კი არის ის დამოკიდებულება, რომლითაც ეს პროდუქტი იქმნება. ჩვენთვის „ოქროველის ტყის მოცვი“ უბრალოდ პროდუქტი არ არის – ის ჩვენი ოჯახის ისტორიისა და შრომის გაგრძელებაა. ალბათ სწორედ ამიტომ ვქმნით მას ისეთი სიყვარულით და ყურადღებით, რომ სხვაგვარი შედეგი უბრალოდ წარმოუდგენელია.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივი რესურსის, ტყის მოცვის გამოყენება და რას ნიშნავს ეს პროდუქტი ადგილობრივი ტრადიციებისა და ბუნების წარმოსაჩენად?

– ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ადრე ტყის მოცვი დაბლობშიც ხელმისაწვდომი იყო (ვგულისმობ ქედას, მახუნცეთის ტერიტორიას), ახლა, დიდი რაოდენობით, მხოლოდ ხულოში და უფრო ზემოთ თუ იპოვით. კლიმატი თავის როლს თამაშობს და ნედლეულიც უფრო რთულად ხელმისაწვდომი ხდება, თუმცა, ამავდროულად, უფრო უნიკალურიც. ცხადია, ტყის მოცვი მაღალმთიანი აჭარის ბუნების ერთ-ერთი უნიკალური რესურსია – ნედლეული, რომელიც განსაკუთრებული არომატითა და ბუნებრივი სისუფთავით გამოირჩევა. მისი გამოყენებით ჩვენ არა მხოლოდ პროდუქტს ვქმნით, არამედ ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონის ბუნებრივი სიმდიდრე და ავთენტური გემო, სადაც ეს ყველაფერი იბადება, ამიტომაც აწერია ბოთლს დიდი სიამაყით – „ტყის მოცვი მაღალმთიანი აჭარადან“. ვფიქრობ, ასეთი პროდუქტები ერთგვარი კულტურული ამბასადორიც არის და წარმოაჩენს რეგიონის უნიკალურ მახასიათებლებს.

ხარისხის შენარჩუნება ნებისმიერი პროდუქტის წარმატების მთავარი საფუძველია. როგორ ახერხებთ, რომ ოქროველის ტყის მოცვი ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს?

– ხარისხი ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი. ამ პროცესში ძალიან გვეხმარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორია, სადაც პროდუქტი სხვადასხვა კვლევით ეტაპს გადის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრადიცია და მეცნიერება ერთმანეთის მხარდამჭერი იყოს და შევქმნათ ღირებული, ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი, რომელიც თავად ამბობს სათქმელს დაგემოვნებისას.

რამდენად რთული იყო ახალი ღვინის დამკვიდრება ბაზარზე და როგორ შეხვდა მას მომხმარებელი?

– ნებისმიერი ახალი პროდუქტის დამკვიდრება, რა თქმა უნდა, დროისა და მოთმინების პროცესია. ყველაზე რთული ეტაპი დასაწყისში მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა, თუმცა, ჩემი გამოცდილებით, როდესაც ადამიანი ერთხელ გასინჯავს პროდუქტს და ნამდვილად მოეწონება, ეს ნდობა ნელ-ნელა, ბუნებრივად ჩამოყალიბდება.

დღეს „ოქროველის ტყის მოცვი“ ჯერ კიდევ ფართო მასშტაბით წარმოდგენილი არ არის. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მათ შორის თბილისიდანაც. სარეალიზაციო არხების განვითარება, გარკვეულწილად, დროის რესურსსაც უკავშირდება. ამიტომ ვამბობ, რომ ცხოვრებაში იდეალური ბალანსი არ არსებობს. სამწუხაროდ, პროდუქტის რეალიზაციას იმდენი დრო ვერ დავუთმე, რამდენიც მის შექმნას ან სხვა საკითხებს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ ვითანამშრომლოთ სანდო ელექტრონული კომერციის არხებთან, რომელიც პროდუქტის მიწოდებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძლებს. ვფიქრობ, ეს ეტაპი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის უფრო ფართოდ დამკვიდრებას.

რა გეგმები გაქვთ ღვინის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით, ელოდება თუ არა მომხმარებელს ახალი პროდუქტები?

– დღეს „ოქროველი“ ჯერ კიდევ მცირე, საოჯახო პროექტია, მაგრამ ჩვენ მას დიდი სიყვარულით ვზრდით. შორეულ პერსპექტივაში გვინდა, შევქმნათ საკუთარი მარანი ციხისძირში – სივრცე, რომელიც არა მხოლოდ წარმოებას, არამედ ვიზიტიორებისთვის სანახაობრივ და სადეგუსტაციო გამოცდილებასაც მოიცავს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ქალის როლი ბიზნესში და რა თვისებები ეხმარება მას წარმატების მიღწევაში?

– ვფიქრობ, დღეს ბიზნესში ქალების როლი ძალიან საინტერესოა და რაც ყველაზე მეტად მახარებს – მუდმივად მზარდიც. სულ უფრო მეტი ქალი იღებს პასუხისმგებლობას, ქმნის ახალ იდეებს და წარმატებით მართავს პროექტებსა და კომპანიებს, თუმცა მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, გადამწყვეტი მაინც სქესი არ არის – მთავარი არის ადამიანის დამოკიდებულება საქმისადმი. შეიძლება შეხვდე როგორც ძალიან ძლიერ და პასუხისმგებლობიან ქალს, ისე კაცსაც, და პირიქით. ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს, შრომისმოყვარეობას და ადამიანობას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ქალებს და კაცებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი შრომისმოყვარე, ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ქალია, რომელთაც უნდა მიეცეთ წარმატებისკენ სვლის შესაძლებლობა და ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ქალებს ხშირად აქვთ უნარი, ლიდერობა უფრო ჰუმანური, ემპათიური, ადამიანზე ორიენტირებული და ამავდროულად სტრატეგიული გახადონ – და ეს თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვისებაა.

პირადად თქვენთვის რა არის ბედნიერებაკარიერული მიღწევა, ოჯახი, საკუთარი საქმის სიყვარული თუ ამ ყველაფრის ჰარმონია?

– ბედნიერება ჩემთვის არის ჰარმონია, როდესაც შეგიძლია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და, ამავე დროს, გქონდეს ოჯახი და გყავდეს ადამიანები, რომლებთან ერთადაც ამ გზას გადიხარ. სხვაგვარად ალბათ წარმატება იქნებოდა, მაგრამ – ღიმილის გარეშე.

ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ დროს, რომელსაც ოჯახთან ერთად ატარებთ. როგორია თქვენი თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად და რა არის, რაც თქვენს ოჯახს განსაკუთრებით აერთიანებს?

– ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებასთან ახლოს ყოფნას და იმ უბრალო, მაგრამ ძალიან ღირებულ მომენტებს, რომლებიც ოჯახურ სივრცეში იბადება. ხშირად ვცდილობთ, დრო ისე გავატაროთ, რომ ერთმანეთთან მშვიდად საუბრის და ერთად ყოფნის შესაძლებლობა გვქონდეს. ერთობლივი ფუსფუსი სახლში, განსაკუთრებით რაიმე გემრიელის ერთად მომზადება, ერთგვარ მცირე რიტუალად იქცა ჩვენს ოჯახში. ეს თითქოს მცირე თერაპიას ჰგავს: ყველა რაღაცით არის დაკავებული, ემოციურად ჩართული და თავის პატარა როლს ასრულებს.

ბავშვებისთვის ასეთი მომენტები განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. ვფიქრობ, სწორედ ასეთი უბრალო, თბილი წუთები ქმნის ყველაზე ძლიერ ოჯახურ მოგონებებს. მთავარია, ერთად ყოფნის დრო გვქონდეს და იდეები არ გველევა მის ხარისხიანად გასატარებლად.

მოგზაურობა ხშირად ახალი იდეებისა და შთაგონების წყაროა. თქვენთვის რას ნიშნავს მოგზაურობა და არის თუ არა ადგილი, რომელმაც განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს ცხოვრებასა და პროფესიულ ხედვაზე?

– მოგზაურობა ჩემთვის მხოლოდ გადაადგილება არ არის – ეს არის ახალი პერსპექტივების აღმოჩენა. სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, არქიტექტურა და ცხოვრების რიტმი ყოველთვის რაღაც ახალს გაჩვენებს. ყოველი ასეთი გამოცდილება, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს ჩემს პროფესიულ ხედვაზეც, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სფეროში. როდესაც ხედავ, როგორ ქმნიან სხვაგან სივრცეებს ადამიანებისთვის, უფრო მეტად გიჩნდება სურვილი, შენს გარემოშიც შექმნა ისეთი ადგილი, სადაც სტუმარი არა მხოლოდ ისვენებს, არამედ განსაკუთრებულ გამოცდილებას იღებს. ასე, კონკრეტული ადგილის გამორჩევა გამიჭირდება, მაგრამ დღემდე ვენა რჩება ჩემი ფავორიტი ქალაქების სიაში მოწინავე ადგილზე. ამის მიუხედავად, ყოველ ჯერზე, როცა სხვა ქვეყნიდან ვბრუნდები, ვხვდები, რომ საქართველოს და ბათუმს არაფერი მირჩევნია – ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ალბათ გარემოს ადამიანებით აფასებ და ამიტომ მშობლიური ყველაფერი განსაკუთრებულია.

სასტუმრო კასტელო მარე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ, გასართობ და საზოგადოებრივ ღონისძიებას, სადაც დასწრება, არცთუ იშვიათად, თავისუფალია და სტუმრებს განსაკუთრებული ყურადღებით ხვდებით. რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ ეს სივრცე მხოლოდ სასტუმრო კი არა, ადამიანების შეხვედრისა და ემოციების გაზიარების ადგილად აქციოთ?

– როგორ მახარებს ამ კითხვის ფორმულირება, რომ ეს არის ადამიანების ემოციების გაზიარების ადგილი და მადლობა ამისთვის. ჩვენ თავიდანვე გვინდოდა, რომ „კასტელო მარე“ ყოფილიყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს სივრცე იყოს ადგილი, სადაც ადამიანები აგროვებენ და აზიარებენ ემოციებს, ქმნიან მოგონებებს და, უბრალოდ, კარგად გრძნობენ თავს. ამიტომ ხშირად ვცდილობთ სხვადასხვა კულტურული, გასართობი თუ თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას. როდესაც ხედავ, რომ ადამიანები აქ განსაკუთრებულ მომენტებს ქმნიან – ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია. და ალბათ მაშინ, როდესაც ყველაფერი სიყვარულით იქმნება, სტუმარიც გრძნობს ამ დამოკიდებულებას – ამიტომ ეს გამოცდილება საბოლოოდ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი ხდება როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ლიდერული თვისებები წარმატებული კომპანიის შექმნისა და განვითარებისათვის?

– ჩემი აზრით, ნებისმიერი წარმატებული პროექტის საფუძველი სწორ მენეჯმენტსა და ხედვაში დევს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად იდეაც. ძლიერი იდეა მიმართულებას განსაზღვრავს, ხოლო მისი განხორციელება უკვე სწორ ორგანიზებასა და გუნდურ მუშაობას მოითხოვს. ყოველთვის ვამბობ – რა მაგარია, როცა სწორი ადამიანის ხელში მოხვდა ეს საოცარი ადგილი და შექმნა ის სილამაზე, რასაც ასე სიყვარულით ვუვლით. ლიდერობა ჩემთვის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს – გუნდის, მფლობელის, სტუმრების, პროცესის და საბოლოო შედეგის მიმართ. რომ გითხრათ, ყოველთვის სრულად კმაყოფილი ვარ საკუთარი მენეჯერული ბალანსით, ალბათ არ იქნება მართალი. მენეჯმენტი ჩემთვის სტატიკური მდგომარეობა არ არის – ეს მუდმივი პროცესია, სადაც პრიორიტეტები ხშირად იცვლება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყოველთვის „პულსზე გეჭიროს ხელი“ და მზად იყო, დროულად გადაანაწილო ყურადღება იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო.

რა თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად გუნდში და როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივირებას, რომ საერთო მიზნებისთვის ერთიანი ენერგიით იმუშაოთ?

– ყველაზე მეტად ვაფასებ მონდომებას, სურვილს, რომ ადამიანს ნამდვილად უნდოდეს იმ საქმის კეთება, რომელსაც აკეთებს. ცხადია, ამას ემატება პასუხისმგებლობა, ცოდნა და გულწრფელობა.

გუნდთან ურთიერთობაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავადაც ვიყო პროცესის ნაწილი და მათთან ერთად შევქმნათ ღირებულება. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით თუ, უბრალოდ, ყოველდღიური დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, შევქმნათ ჯანსაღი სამუშაო გარემო, სადაც ადამიანები თავს გუნდის ნაწილად რეალურად გრძნობენ და არა – ფორმალურად.

როდესაც საკუთარ გავლილ გზას უყურებთ, რას იტყოდით, რა არის ის მთავარი პრინციპი, რომლებმაც თქვენს წარმატებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა?

– ვფიქრობ, მთავარი ყოველთვის იყო შრომა, მუდმივი სწავლა, ადამიანების პატივისცემა, მადლიერება და ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა არცერთი წარმატება მარტო არ იქმნება – ეს ყოველთვის არის გზა, რომელსაც ბევრი ადამიანი ერთად გადის. სწორედ ამიტომ, გუნდს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხშირად მიფიქრია, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემ გვერდით ძლიერი და ერთგული გუნდი დგას.

დაბოლოს, რა გზავნილ გექნებოდათ იმ ქალებისადმი, რომლებიც საკუთარი საქმის დაწყებას ან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ფიქრობენ?

– ვფიქრობ, ყველა ქალს მაინც შინაგანი ხმა კარნახობს რა უნდა გააკეთოს, ჩვენი სიტყვები შეიძლება ზედმეტად ტრაფარეტული აღმოჩნდეს, რადგან ყველასთვის ერთნაირი არ არის გასავლელი გზა, მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, არ შეგეშინდეთ საკუთარი იდეების და ცვლილებების. ხშირად ყველაზე საინტერესო გზა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი გაბედავს და პირველ ნაბიჯს გადადგამს. მთავარია გქონდეთ რწმენა საკუთარი თავის, შრომის სურვილი და მიზანი, რომ შექმნათ რაღაც ღირებული. როდესაც საქმეს გულით აკეთებ და შეიყვარებ იმას, რასაც აკეთებ – შედეგი, აუცილებლად მოდის – ზოგჯერ ნელა, მაგრამ ძალიან ღირსეულად. ვფიქრობ, საკუთარი საქმის სიყვარული ის ძალაა, რომელიც ყველაზე რთული გზის დაძლევასაც შეგაძლებინებს.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *