დიალოგი ადამიანის უფლებებზე – მოსწავლეებთან
„ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“ – ამ გავრცელებულ ფრაზამდე კაცობრიობამ რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა, თუმცა ზუსტი ფორმულა, სად გადის თანასწორობის ზღვარი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ ქალაქ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მოსწავლეები საკანონმდებლო ორგანოს პროექტის – „ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში სტუმრობდნენ.
უმაღლესი საბჭოს წევრი ახალგაზრდებს ადამიანის უფლებების არსზე, მათი დაცვის სახელმწიფო და საერთაშორისო მექანიზმებზე, ასევე, თანამედროვე გამოწვევებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბულინგის თემას, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, გაეცნენ შენობის ისტორიას და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
გალერეა
