ზელენსკი სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რუსული თავდასხმები გრძელდება…
By

ზელენსკი სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რუსული თავდასხმები გრძელდება…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ლინდსი გრემთან და რიჩარდ ბლუმენტალთან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პაკეტის გაძლიერების საკითხი განიხილა. შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ კომბინირებულ თავდასხმებს, რის შესახებაც ამერიკელ კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ლინდსი გრემთან და რიჩარდ ბლუმენტალთან, როგორც ყოველთვის, კარგი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა. მათ ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის კომბინირებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის ყველა ფორმის გაძლიერება.
„ჩვენ განვიხილეთ სანქციების შესახებ სენატორების კანონპროექტის ამჟამინდელი სტატუსი, რამაც შეიძლება რუსეთის პოზიციებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სენატორ გრემისა (რესპუბლიკური პარტია) და ბლუმენტალის (დემოკრატიული პარტია) ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს 500-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. გასულ კვირას ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, მწვანე შუქი აუნთო.
ამ ფონზე, რუსული თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დრონებით დაარტყეს ქალაქ კრივი-რიჰის ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რის შედეგადაც 45 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო 700-ზე მეტ სახლს გათბობა გაეთიშა.
„45 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 700-ზე მეტ სახლს გათბობა გაეთიშა“, – განაცხადა კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ვილკულმა.
პარალელურად, საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ის შესაძლო დიპლომატიური კონტაქტების შესახებ რუსეთთან. Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი უახლოეს მომავალში მოსკოვში გამგზავრებას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე თვეში გაიმართოს, თუმცა გეგმები საბოლოო არ არის და ირანში არსებული არეულობის გამო, შესაძლოა, გადაიდოს. აღნიშნული კონტაქტების ფარგლებში, ამერიკული მხარე პუტინსა და მის გუნდს სამშვიდობო წინადადებების განახლებულ პროექტს წარუდგენს, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს ნებისმიერი მომავალი შეთანხმებისთვის და უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის საკითხებს.

  • No Comments
  • იანვარი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *