დავით ქართველიშვილი: რუსეთი უკრაინას სთავაზობს ან არსებული შედეგის მიღებას, ან კონფლიქტის გაგრძელებას
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ–ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების – სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხუთსაათიანი შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ, ასევე, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი
„რუსეთი იგებს ომს უკრაინაში, ამიტომ ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, – წერს „ტელეგრაფი“. გამოცემის ცნობით, „საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის აღშფოთებული პროტესტი ამ სასტიკ ფაქტს ვერ შეცვლის, ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ, შეიმუშაონ ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, თუმცა „პუტინი ომს იგებს და ის კარნახობს სამშვიდობო პირობებს. სწორედ პუტინის ჯარები დაუნდობლად მიიწევენ წინ და მისი რაკეტები ანადგურებენ უკრაინის ელექტროქსელს. ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ, შეიმუშაონ ყველა ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, რომელიც მათ სურთ, მაგრამ ერთადერთი ხმა, რომელსაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, პუტინის ხმაა“.
ამასთან, გამოცემა სტატიაში აღნიშნავს, რომ შეთანხმება, რომელსაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან განიხილავს, დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს შეუქმნის მის სუვერენიტეტს.
„პუტინისთვის პირობების დაწესების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა, მაგრამ უკრაინამ ეს ვერ შეძლო, მიუხედავად უზარმაზარი და გმირული მსხვერპლისა, რომელსაც მხარს უჭერდა დასავლეთის ასობით მილიარდი დოლარის დახმარება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, თებერვლიდან მოყოლებული, პირდაპირ ამბობდა, რომ ომის გაგრძელება აზრს მოკლებული იქნებოდა. ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა უკრაინელებს კონტინენტის უსაფრთხოებისთვის ბრძოლისა და სიკვდილისკენ მოუწოდებს, ამავდროულად, განუწყვეტლივ უარს ამბობს რუსული ნავთობისა და გაზის სრულად სანქცირებაზე“, – წერს „ტელეგრაფი“.
აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინას 50 მილიარდი ევროს ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება და უშედეგო აღმოჩნდა კაია კალასის მცდელობები, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 40 მილიარდი ევრო მოიზიდოს: „ცოტა ხნის წინ ევროპელებმა ასევე უარი თქვეს რეპარაციული სესხის გაცემაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი კარგავს სანდოობას, ფულს და ხალხს“. გამოცემის ცნობით, ევროპა ეწინააღმდეგება პუტინის სამშვიდობო გეგმას, მაგრამ არ აქვს საკუთარი რეალისტური ალტერნატივა, სახსრები ან იარაღის მარაგი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად.
ამ თემაზე გთავაზობთ „ხალხის ძალის“ წევრ დავით ქართველიშვილის შეფასებას:
მთავარი სათქმელი პუტინმა ამერიკელ სტუმრებთან ხუთსაათიანი საუბარის წინ გააკეთა: „თუ ევროპას სურს რუსეთთან ომის დაწყება – ჩვენ ამისთვის მზად ვართ“. დანარჩენი – მოსკოვში სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხანგრძლივი შეხვედრა – არ იყო შეთანხმების მიღწევის მცდელობა. ეს იყო ძალის, ცივი გათვლისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის თავსმოხვეული წესებით თამაშზე სრული უარის პოლიტიკური დემონსტრაცია.
ვინც მოსკოვის შეხვედრიდან – „გარღვევას“, „გეგმას“, „საგზაო რუკას“ ან თუნდაც ფრთხილ ოპტიმიზმს ელოდა, კრემლმა პირდაპირ უპასუხა: კომპრომისი არ არსებობს, შანსი არ არის. ხუთსაათიანი შეხვედრა – და არცერთი შეთანხმებული პუნქტი. ეს არ იყო მოლაპარაკებების ჩავარდნა, ეს კრემლის ნამდვილი არსი იყო: მოსკოვი არ მართავდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს – ის როლებს ანაწილებდა. ხუთი საათი და არცერთი მინიშნება დათმობაზე. რუსი დათვის გაღვიძება არ უნდა სცადო, ამის შესახებ უამრავი ისტორიული მაგალითია (1812, 1941 წწ) – მაგრამ, თუ გააღვიძე, მერე მის დაძინებას აზრი არა აქვს. ის ან ბოლომდე მივა, ან მოკვდება.
კრემლში ზუსტად იცოდნენ, ვინ იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან.
უიტკოფი და კუშნერი – არც დიპლომატები არიან, არც ჩინოვნიკები და არც აშშ-ის ოფიციალური ხაზის გამტარი პირები. ისინი დონალდ ტრამპის პირადი ემისრები არიან, შერჩეულნი სწორედ იმიტომ, რომ პროტოკოლის მიღმა იმოქმედონ, რაც მოსკოვმა სრულად გამოიყენა – ეს სიგნალი მიმართული არ იყო დღევანდელი ვაშინგტონისა თუ ბრიუსელისკენ, ის გაჟღერდა მომავალი ამერიკის მისამართით: „მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ მივიღებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს პირობებს შეესაბამება“.
შეიძლება მოლეკულარულ დონეზე ვერ იტანდე და გეზიზღებოდეს რუსეთი, გძულდეს იგი – მაგრამ მაშინ მასთან მოლაპარაკებები აზრს კარგავს: თუ გაქვს „ერთი ადგილი“, მაშინ ის „უბრალოდ“ უნდა გაანადგურო, მაგრამ, ისიც გაათვითცნობიერო – შენ და მსოფლიოს რა დაგიჯდებათ საფასური. მოსკოვისთვის „ტერიტორია“ – დისკუსიის თემა აღარ არის, რაც უნდა შეიგნონ – ეს არის კრემლის მთავარი გზავნილი. ამერიკული მხარე, ყველაზე მეტად, საუბრის ტონმა თუ ფორმამ კი არა, შინაარსმა გააღიზიანა. რუსეთმა მკაფიოდ თქვა: დონბასი დახურული საკითხია, კონფლიქტის „გაყინვა“, „დროებითი შეჩერება“ და „გადავადებული გადაწყვეტილებები“ – უარყოფილი და გამორიცხულია.
ფაქტობრივად, კრემლმა დააფიქსირა:
ან რეალობის („სტატუს კვოს“) მიღება – ან შემდგომი დიალოგის უაზრობა, ანუ ის, რომ ევროპა საბოლოოდ ჩამოიშალა დღის წესრიგიდან და ამ პროცესის მხოლოდ „გვერდით მოვლენად“ ჩათვალეს. კრემლისთვის ევროპის მონაწილეობა მსგავს მოლაპარაკებებში საბოლოოდ გამოირიცხა. ერთადერთი ადგილი, რომელიც მას კრემლმა მიუჩინა – ბრძოლის ველია, რისთვისაც „მზად ვართო“. მოსკოვისთვის ბრიუსელი აღარ არის არც შუამავალი და არც პარტნიორი. ის არის კონფლიქტის მონაწილე, მთავარი წამქეზებელი, მტერი, ომის მხარე, ზეწოლისა და საბოტაჟის წყარო. ამიტომ მასთან საუბარს რუსეთი არ აპირებს. მოსკოვის ახალი ფორმულა ცინიკური და გამჭვირვალეა: მხოლოდ რუსეთი და აშშ, დანარჩენები – სტატისტები არიან.
ახლა კი შევაჯამოთ ამ შეხვედრის ძირითადი შედეგები: ეს არ იყო სპექტაკლი, არამედ – „ტესტირება“ და გამოცდა, სადაც მოსკოვი ამოწმებდა, შეუძლია თუ არა ტრამპს არა ლოზუნგების, არამედ პრაგმატული ბიზნესგარიგების შეთავაზება, მზად არიან თუ არა მისი უახლოესი წრის წარმომადგენლები ზედმეტი „მორალიზების“ გარეშე საუბრისთვის, ესმით თუ არა, რომ „ღირებულებების დიპლომატიის“ ეპოქა დასრულდა. შედეგად, კრემლმა საჯაროდ დააფიქსირა: ამ ეტაპზე – არა! რუსეთი არ ითხოვს მშვიდობას. რუსეთი – არ ეძებს კომპრომისს. რუსეთი სთავაზობს ან არსებული შედეგის მიღებას, ან კონფლიქტის გაგრძელებას.
ამ პოზიციის მიღმა, გასაგებია რომ მოწინააღმდეგე მხარეს რჩება მხოლოდ ასეთი რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილი, მაგრამ მოუწევთ იმასთან გამკვლავება, რომ ეს არ არის სუსტი რუსეთის რიტორიკა და არც ისეთი ქვეყნის პოზიცია, რომელიც გამოსავალს ეძებს. ეს არის ულტიმატუმის ლოგიკა სახელმწიფოსგან, რომელსაც მიაჩნია, რომ დრო მის მხარეს მუშაობს. მოსკოვის მოლაპარაკებებმა მშვიდობა არცერთი სანტიმეტრით არ დააახლოვა. თუ შეთანხმება ოდესმე დაიდება, ეს კომპრომისი არ იქნება. ეს იქნება ერთ-ერთი მხარის სრული დამარცხების ფიქსაცია.
ცნობისათვის: აშშ–ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად თავდაპირველად, ერთმანეთს აშშ–ისა და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში შეხვდნენ. როგორც მედიისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, გეგმაში ცვლილებები შევიდა და ის 19 პუნქტამდე შემცირდა. აშშ–უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა, თუმცა რა წერია შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმაში, ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის. მოსკოვში შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფი და კუშნერი ევროპაში გაემგზავრნენ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
ირმა ცეცხლაძე