მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
ნოემბრის თბილმა ამინდებმა განსაკუთრებით იმ ფირმების ხელმძღვანელებს შეუწყო ხელი, რომლებსაც აჭარის მთიანეთის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ჰქონდათ დასასრულებელი.
სოფელ ზემო თხილვანაში აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება სპორტული დარბაზი და სოფლის ადმინისტრაციის ოთახები. პროექტი გარდამავალია, წელს დაიწყო და გაისად დასრულდება.

სოფელ შურმულში ახალგაზრდული ცენტრის ორსართულიანი შენობა აიგო, რომელშიც მოეწყობა სივრცე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად, ასევე, განთავსდება სამუშაო ოთახები. ამ ეტაპზე შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ რაქვთაში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიან შენობაში, საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის დარბაზი და სამუშაო ოთახები განთავსდება. სამივე ობიექტზე არსებულ მდგომარეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და საკრებულოს წევრი იური აბულაძე გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე