შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
By

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 66-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასამბლეის თითოეულ წევრს რეგიონული თანამშრომლობის, დიალოგისა და მდგრადი განვითარებისადმი ერთგულების გამოხატვისთვის.

შალვა პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ბოლო წლების გამოწვევებს, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობაზე გავლენას ახდენდა, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ომს და მის შედეგებს შავი ზღვის რეგიონზე. „სირთულეების მიუხედავად, შევძელით ორგანიზაციის ფუნქციონირების შენარჩუნება და დიალოგისა და გაცვლის ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად გამოგვეყენებინა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების მნიშვნელობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. „ჩვენი გეოგრაფიული სივრცე, ევროპასა და აზიას შორის, ყოველთვის იყო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე. მრავალი გამოწვევისა და რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა თანამშრომლობისთვის, რათა რეგიონი უფრო სტაბილური, უსაფრთხო და განვითარებული გახდეს. მშვიდობა ყველაზე ფუნდამენტური პირობაა, რომელსაც საფუძველი უნდა ჰქონდეს კეთილდღეობასა და საერთო ზრდაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, გამოთქვა მხარდაჭერა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისა და სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის მიმართ.

პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა დაკავშირებადობის მნიშვნელობა რეგიონში: „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკური, ციფრული, ეკონომიკური და ადამიანური დაკავშირებადობა ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. შუა დერეფანი სწრაფ, ეფექტიან და უსაფრთხო მარშრუტად იქცა. მზად ვართ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, პოლიტიკა და პარტნიორული ურთიერთობები, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებსა და კონკურენტუნარიანობას.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე ინიციატივებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და საბორნე მომსახურებები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებადობის სფეროში გარდამტეხი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა BSEC-ის პროექტების განვითარების ფონდს საქართველო-თურქეთ-ბულგარეთის ერთობლივი პროექტის „ლურჯი პორტის ინდექსი BSEC-ის ქვეყნებისთვის“ დაფინანსებისთვის.

პაპუაშვილმა ისაუბრა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. „გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, სტაბილურობა კი განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს თავმჯდომარეობა იქნება ფოკუსირებული დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე. მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია, რათა რეგიონი თანამშრომლობით და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *