„დიახ, ჩემი თაობა იქნება ის, ვინც ენგურს მიღმა დარჩენილ სახლებში კარებს აუცილებლად შეაღებს“
By

„დიახ, ჩემი თაობა იქნება ის, ვინც ენგურს მიღმა დარჩენილ სახლებში კარებს აუცილებლად შეაღებს“

„როცა გაგრაში, ჩემს ეზოში შევდგამ ფეხს, სწორედ მაშინ დასრულდება დევნილობა“ – ასე ჰქვია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის თამუნა გაზდელიანის სტატიას, რომელიც, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემიის გამარჯვებული გახდა.

ნაშრომი ეფუძნება ოჯახურ ისტორიას, დევნილობის გამოცდილებას და ავტორის ემოციურ კავშირს დაკარგულ ქალაქთან – გაგრასთან.

სტატიაში თამუნა აღწერს ძალიან პირად და მტკივნეულ ეპიზოდს, მომენტს, როცა ოჯახმა 31 წლის შემდეგ, პირველად ნახა მათი სახლი გაგრაში. ვიდეოზარი, რომელიც იქ მცხოვრებმა  ადამიანმა განახორციელა, გახდა კავშირი წარსულთან, დაკარგულ ბავშვობასთან და იმ სივრცესთან, რომელიც ომმა წაართვა ოჯახს.
თამუნას დედის ემოციური სიტყვები  „ეს ჩვენი სახლია…“  სტატიის მთავარი ბირთვი და სიმძიმეა. . .
თამუნა ასევე აღწერს ქალაქის დღევანდელ სურათს: ომგამოვლილ, დაცლილ, სევდიან გაგრას, ქალაქს, რომელიც მისთვის  სიყვარულის, ტკივილისა და იმედის სიმბოლოა. ჟურნალისტი სტატიაში ხაზს უსვამს არაერთ გარემოებას და პირველ რიგში იმას, რომ დევნილობა მხოლოდ წარსული არ არის და ის დღემდე გრძელდება. მისი გზავნილი ასეთია –  ომით „ჩატეხილი ხიდი“ უნდა აღდგეს  თაობების ურთიერთობით, პატიებითა და დიალოგით.
თამუნასთვის ჯილდო ემოციური და საპასუხისმგებლო აღიარებაა:„ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებული დღეა… დედაჩემის ემოციებზე აღარაფერს ვამბობ…  ბატონი ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიით დაჯილდოება ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა.

ეს აღიარება მოტივაციაზე მეტია. . . სავსე ვარ მადლიერებით…

ალექსანდრე ბერულავა იყო მწერალი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრეს-ცენტრის უფროსი. სწორედ მან დააარსა ქართული ტელევიზია აფხაზეთში და იყო მისი პირველი დირექტორი.  1993 წლის 27 სექტემბერს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

მჯერა, ჩემი თაობა იქნება ის, ვინც ენგურს მიღმა დარჩენილ სახლებში კარებს აუცილებლად შეაღებს. დიახ, ჩვენ თავიდან ავაშენებთ იმ ხიდს, რომელიც ომმა ჩატეხა – აფხაზ თანატოლებთან, ჩვენს დებთან და ძმებთან, სიტყვებით, სიმართლით და ერთმანეთის პატივისცემით,“ – ამბობს ჟურნალისტი.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მის მიზანს მედიაში აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *