ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
By

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

 

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მე-3 სეზონის დასკვნითი ღონისძიება, დაჯილდოების ცერემონია რესტორან „სენატში“ გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ირმა აბულაძე და ზაურ ახვლედიანი, ასევე, ფესტივალის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის გრან პრის მფლობელი საფრანგეთის თოჯინური თეატრის დასი გახდა  სპექტაკლისთვის ,,გილდო – მხატვარი სიზმრებში“.
სპეციალურმა ჟიურიმ, ასევე, გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები: „საუკეთესო რეჟისურა“ – ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი (სპექტაკლისთვის -,,ფიროსმანი“, მოხეტიალე მთვარის თეატრი); „საუკეთესო სცენოგრაფია“ – ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი (რეჟისორ ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის სპექტაკლისთვის ,,ფიროსმანი“); „საუკეთესო მუსიკალური გაფორმება“ – არმენ ჰოვანესიანი მუსიკალური ადაპტაციისთვის საავტორო სპექტაკლში – ,,პლატონი“ (ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი); „საუკეთესო მსახიობი ქალი მეთოჯინე“ – მარინა იუჯე (სპექტაკლისთვის ,,სოკრატეს უკანასკნელი ღამე“, რეჟისორი – პეტარ ტოდოროვი, თეატრი „ტემპო“,  თურქეთი); „საუკეთესო მსახიობი კაცი მეთოჯინე“ – დმიტრი ანგელოვი (სპექტაკლისთვის ,,პრინცესა ლაქით“, რეჟისორი – ნიკუ პრესკურა); „ქართული კრიტიკის სპეციალური პრიზი“ აიღო სპექტაკლმა  ,,გილდო – მხატვარი სიზმრებში“ (რეჟისორი –  ანხელ ნავარო, ესპანეთი, საფრანგეთი); სამხატვრო ხელმძღვანელის სპეციალური პრიზი – ,,ოსტატი“ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა გადასცა მეთოჯინე ნაირა ტკაჩენკოს (საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება), ასევე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი კიკვაძემ პრიზი ,,ოსტატი“ გადასცა რეჟისორის თანაშემწე ნანა თოლორდავას (ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი).
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი კიკვაძემ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილს სპექტაკლისთვის – ,,ჯაყოს ხიზნები“ მადლობის სიგელი და ფესტივალის სიმბოლო გადასცა.
ფესტივალის ჟიურიში შედიოდნენ: გიორგი შალუტაშვილი, ვახტანგ ქორიძე, ვანო ხუციშვილი, თეა კიწმარიშვილი და ნერონ აბულაძე, ქართველ კრიტიკოსთა კოლეგიაში – ლელა ოჩიაური, ლაშა ჩხარტიშვილი, თამთა ქაჯაია, გუბაზ მეგრელიძე, ალექსანდრა სულამანიძე, მანანა ხელაია და გოგი ყაჯრიშვილი.

– ბათუმში თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი მესამედ ჩატარდა და ეს ძალიან მაბედნიერებს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს ბევრი უცხოური თეატრალური დასი ეწვია, რაც სასიხარულოა. ეს იყო ძალიან ბედნიერი დღეები, რადგან მეთოჯინეები ერთმანეთს ეცნობოდნენ, ბევრი სიახლე გაიგეს. ვფიქრობ, აქედან წასულებიც დადებითი ემოციებით დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და კარგად გაგვიხსენებენ. რა მოლოდინი და ჩანაფიქრიც გვქონდა. გამართლდა და ეს კიდევ უფრო სასიხარულოა. წელს ცოტათი განსხვავებული ფორმატით იყო ჩვენი ფესტივალი წარმოდგენილი – გვყავდა სრული შემადგენლობით ქართული ჟიური. მოგეხსენებათ, წელს „უნიმას“ ვიცე-პრეზიდენტიც გვეწვია და ძალიან ბევრი გეგმა დაისახა სამომავლოდ. ვფიქრობ, რომ ჩვენი თეატრი და ზოგადად, ქართული თეატრები საერთაშორისო ასპარეზზე გავლენ, ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა და ა.შ. სადაც ძალიან განვითარებულია თოჯინური თეატრები. ვფიქრობ, წელსაც ძალიან საინტერესო ფესტივალი იყო თავისი მასტერკლასებითა და სპექტაკლებით, – გვითხრა ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი კიკვაძემ.

– მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფესტივალი ქართული თოჯინური თეატრისთვის შეიძლება გახდეს წინგადადგმული ძალზე დიდი ნაბიჯი, მეტიც – ნახტომი. ჩვენ უკვე გვაქვს მიწვევები მსოფლიოს თოჯინების თეატრების არაერთი გაერთიანებიდან, რაც აღსანიშნავია. ამ ფესტივალზე ვნახეთ რამდენიმე შედევრი სპექტაკლი, უმაღლესი რანგის მასტერკლასებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბათუმმა ასეთ წარმომადგენლობით, ნამდვილ თეატრალურ ზეიმს უმასპინძლა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხიც ძალზე მაღალი იყო. თითოეულ სპექტაკლში რაღაც განსაკუთრებულს იპოვიდით, ამიტომ, ჟიურისაც საკმაოდ რთული სამუშაო ჰქონდა. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობაც კი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან დიდი გაცვლითი პროგრამები დაიგეგმა მონაწილეებს შორის და ფესტივალის მიზანიც ესაა. საბოლოო გადაწყვეტილება აბსოლუტურად ერთსულოვნად მივიღეთ. ბევრი ვიმსჯელეთ, მაგრამ ყველაფერი სწორედ თოჯინური მიმართულებით გადავწყვიტეთ. ვულოცავ ნიკა საბაშვილს, ირაკლი კიკვაძეს და, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს ამ ძალიან დიდ წარმატებას და გამარჯვებას, – გვითხრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გიორგი შალუტაშვილმა.

– ძვირფასო მეგობრებო, ჩემი შემოქმედების ამ აღიარებამ, სასიამოვნოდ გამაკვირვა. გრან პრის მიღება დიდი სიამაყითა და სიხარულით მავსებს, თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ ამდენ შესანიშნავ და გულთბილ ადამიანს შევხვდი. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს,  იმ უდიდესი შრომისთვის და სითბოსთვის, რაც ამ დღესასწაულის განხორციელებაში ჩადეს. თქვენი ერთგულება და თავდადება ფრთებს ასხამს თოჯინების სამყაროს. ძალიან მინდა, რომ ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად გაიზარდოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ვიცი, როცა ხელოვნებაში მონდომება, ყურადღება და სითბოა, ულამაზესი რამეები იქმნება. განსაკუთრებული სითბოთი მახსენდება ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა ბათუმში თქვენთან ერთად, ვისაც უკვე ახალ მეგობრებად მივიჩნევ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და იმედი მაქვს, მომავალში კვლავ შევხვდებით, – გვითხრა რეჟისორმა ანხელ ნავარომ.

– სპექტაკლმა „ფიროსმანი“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – „საუკეთესო სცენოგრაფია“ და „საუკეთესო რეჟისურა“ და ძალიან გახარებულები ვართ. კეთილი, თბილი დახვედრა მოგვიწყვეს, საკმაოდ კარგად ორგანიზებული და პროფესიონალურად განხორციელებული ფესტივალი იყო. ასეთ კონკურსში რომ  მონაწილეობ, ცხადია, ყოველთვის ელოდები, რომ რაღაც პრიზს მიიღებ, თუმცა ჩვენი მიზანი მაინც თვითონ ფიროსმანის, მისი სულის წარმოჩენა, მისი შემოქმედების გაცოცხლება იყო. პირველად ვესტუმრეთ ბათუმს და ძალიან ვღელავდით მის მაყურებელთან შეხვედრის გამო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პატარა, კერძო თეატრი ვართ და ასეთ დიდ, საერთაშორისო ფესტივალში  ორი პრიზის აღება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს – ბატონებს – ირაკლი კიკვაძესა და ნიკოლოზ საბაშვილს, – გვითხრა რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა.

– ძალიან მიხარია, რომ ჩვენს თეატრში უკვე მესამე წელიწადია, ასე წარმატებულად ტარდება ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. მიყვარს ჩემი თეატრი და მისი დაწყებული ყველა საქმე ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ულევი წარმატება ვუსურვო ამ ფესტივალს. რაც შეეხება ჯილდოს, ნამდვილად არ ველოდი. სცენიდან ჩემი სახელი რომ გაისმა, ვერც აღვიქვი, სანამ არ მითხრეს, ადექი, სცენაზე გეძახიანო. ძალიან გამიხარდა, არა მარტო ის, რომ ჯილდო ავიღე – სიტყვა „ოსტატი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მრავლისმთქმელია,  დიდი პასუხისმგებლობა და დიდი დაფასებაა. 29 წელია თეატრში ვმუშაობ და დღევანდელი დღე ჩემთვის უბედნიერესია, ემოციებით ვარ სავსე და  იმედია, გავამართლებ ამ ტიტულს, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეჟისორის თანაშემწემ, მსახიობ-მეთოჯინე ნანა თოლორდავამ.

– ძალიან მიყვარს ეს თეატრი და ეს ფესტივალი. ბედნიერი ვარ, რომ  პირველივე სეზონიდან ვესწრები და თანამოზიარე ვარ იმ ყველაფრის, რაც აქ ხდება. ყოველწლიურად ძალიან კარგი თეატრალური დასები იკრიბება, სხვადასხვა ქვეყნიდან ძლიერი მეთოჯინეები ჩამოდიან. ძალიან მომწონს როგორ მუშაობენ ქართულ თოჯინების თეატრებში, როგორი პროფესიონალიზმი აქვთ. მიყვარს აქ ყოფნა. რაც შეეხება ჯილდოს, ცოტათი გაოცებული ვარ, არა იმიტომ, რომ არ ვიმსახურებდი, უბრალოდ, არ ველოდი. ადრე ამ ფესტივალის ჟიურის წევრი გახლდით, ახლა კი ძალიან საპასუხისმგებლო იყო სპექტაკლში თამაში. ის არამხოლოდ ვითამაშეთ, მეტიც, ფაქტობრივად, ამ როლით ვიცხოვრეთ. ცოტა ემოციებიც მომერია, როცა გამოაცხადეს, რომ „საუკეთესო მსახიობი ქალი მეთოჯინეს“ ჯილდო ავიღე. ისე ავნერვიულდი, კინაღამ ავტირდი. ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე ემოციების გამო. ჩვენს თეატრს „ტემპო“ მრავალი ჯილდო აქვს აღებული, ჯამში – 18 პრიზი როგორც თურქეთში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მაგრამ ამ ნომინაციაში ეს ჩემი პირველი ჯილდოა და მისი მიღება ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, დიდი პატივია. უზომოდ ბედნიერი ვარ, – გვითხრა თეატრ „ტემპოს“ დამფუძნებელმა, რეჟისორმა და მსახიობმა მარინა იუჯემ.


ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერების ერთ სივრცეში გაერთიანება, აჭარაში კულტურულ-შემოქმედებითი პროცესების გამრავალფეროვნება, ასევე, ქართული თოჯინური თეატრის პოპულარიზაცია, ახალი საქმიანი კავშირების დამყარება და საერთაშორისო ინოვაციური სიახლეების გაზიარება.
ფესტივალს 5 დღის განმავლობაში მასპინძლობდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. მასში მონაწილეობდა 6 ქვეყნის – საქართველოს, საფრანგეთის, ჩეხეთის, მოლდავეთის, თურქეთისა და უზბეკეთის შემოქმედებითი დასი. პროგრამის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები, ვორქშოპები, სპექტაკლები.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თოჯინების თეატრების გაერთიანება.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *