თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
ბათუმი თოჯინების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ხუთი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. 5 ნოემბერს იგი საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. ორგანიზატორებმა გახსნის ოფიციალურ ნაწილში მაყურებლებსა და მონაწილეებს ჟიურის წევრები წარუდგინეს და წარმატებები უსურვეს.
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ხელს უწყობს საქართველოში თოჯინური თეატრების განვითარებას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გამყარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას.
მასში ექვსი ქვეყნის დასი მონაწილეობს. ამ დღეების განმავლობაში მონაწილე ქვეყნები მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სხვადასხვა პიესით წარსდგებიან. შემდეგ სპეციალური ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სპექტაკლებთან ერთად ვორქშოპები გაიმართება. მონაწილეებს მასტერკლასების სერიასაც სთავაზობენ, რომელსაც მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები ჩაატარებენ.
ფესტივალის მესამე სეზონში მონაწილეობენ: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (საქართველო), Teatro Saco De Huesos (საფრანგეთი), ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (საქართველო), თეატრი Tempo (თურქეთი), თოჯინების თეატრი „Izvorașul Vessel“ (მოლდოვა), ფერგანის რეგიონალური თოჯინების თეატრი (უზბეკეთი), Teatrum Genesius – Art et Schola (ჩეხეთი), მოხეტიალე მთვარის თეატრი (საქართველო), საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება – თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
სულ წარმოდგენილი იქნება 10 სპექტაკლი, აქედან 2 სპექტაკლი და 1 სპექტაკლი-მასტერკლასი – არასაკონკურსო ფორმატით.

მასტერკლასებს გამართავენ: ვახტანგ ქორიძე -,,როგორ გავაკეთოთ პენოპლასტის ბურთებით მარტივი თოჯინა“ (საქართველო), მანანა ბერიკაშვილი – ,,მეტყველების სავარჯიშოები“ (საქართველო), ანხელ ნავარო – ,,მარიონეტებით მანიპულაციის პრინციპების შესავალი“ (საფრანგეთი), ევგენი ობრაგიმოვი – სპექტაკლი-მასტერკლასი ,,ლეგენდა ბედნიერების შესახებ“ ( ჩეხეთი).
გამარჯვებული შვიდ ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი, კრიტიკის სპეციალური პრიზი (გამოავლენს ქართველ კრიტიკოსთა კოლეგია), საუკეთესო რეჟისურა, გრან პრი.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ფესტივალი სპექტაკლით ,,პლატონი” გახსნა. არმენ ჰოვანესიანის საავტორო, მარიონეტული სპექტაკლი მე-20 საუკუნეში ბათუმში მოღვაწე ექიმის – პლატონ გიგინეიშვილის ბიოგრაფიულ მოტივებზეა აგებული.
– ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფესტივალი მესამედ შედგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი იმ სფეროსთვის, რომელსაც თოჯინური თეატრები ჰქვია. ფესტივალის ყოველი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის. მათ შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები იხილონ. აქ არ იქნება მხოლოდ საბავშვო სპექტაკლები, პროგრამა მოზარდებისთვისაც გვაქვს და ვფიქრობ, ზრდასრული მაყურებელიც ისიამოვნებს. სპექტაკლების ჩვენება დღეში 2-ჯერ მოეწყობა, დასწრება თავისუფალია. მაყურებელი ყოველთვის უხვად გვყავს, ადგილებზე დეფიციტია. თავის სათქმელს ეს ფესტივალი ნამდვილად ამბობს. უცხოეთის ქვეყნებს ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ღირსეული თოჯინური თეატრები გვაქვს და ჩვენ მზად ვართ ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებისთვის, – გვითხრა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი კიკვაძემ.

– წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან ჩვენი უცხოელი მეგობრები ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა და რეპერტუარი ავირჩიეთ როგორც უცხოელების, ასევე -ქართული. 2 არასაკონკურსო სპექტაკლი გვექნება წარმოდგენილი. ჩვენთვის მთავარია, რომ სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ, კარგი მასპინძლობა გავუწიოთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ასე მოხდეს და იმედი მაქვს, არც წელს დავარღვევთ ამ ტრადიციას. ეს ფესტივალი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი თეატრები, შემოქმედებითი პროცესები ვითარდება, ქალაქისთვის ამ ფესტივალის არსებობა აუცილებელია და ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი ფესტივალები საქართველოში უნდა არსებობდეს. ჩვენი ადგილი მსოფლიო თეატრალურ რუკაზე იზრდება, რადგან თუ ადრე ძალიან რთული იყო უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირება, მათი ჩამოყვანა, ან ჩვენი საზღვარგარეთ წასვლა, ახლა ეს გაადვილებულია. მეტიც, ძალიან დიდი სურვილია მათი მხრიდან, რომ ერთმანეთთან ჩავიდეთ, გავცვალოთ შემოქმედებითი სიახლეები, რაც შედეგს გამოიღებს. გაუმარჯოს ჩვენს ფესტივალს, – გვითხრა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა.
– ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფესტივალში ვმონაწილეობ. საქართველოში პირველად ვარ და წარვადგენ საფრანგეთს. ძალიან ბედნიერი, აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. ჩემი სპექტაკლის არსია მხატვრის ყოფნა ოცნებასა და რეალობას შორის. რაც ყველაზე მთავარია, სპექტაკლში არ არის დიალოგი, იგი უსიტყვოა. ამ სპექტაკლით გვინდა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ერთმანეთის არ ესმით, უსიტყვოდ დავაკავშიროთ, – გვითხრა რეჟისორმა ანხელ ნავარომ.

– ვულოცავ ამ ფესტივალის დაწყებას ჩემს კოლეგებსა და ქართველ მეგობრებს. ჩვენ უზბეკეთიდან ვართ და ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალში პირველად ვმონაწილეობთ. მთელი გუნდი მოხარულები ვართ, რომ ასეთი მასშტაბის ფესტივალზე ვართ მოწვეული. აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მეთოჯინეებთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. მეგობრები ბათუმის დათვალიერებაში დაგვეხმარნენ, უზომოდ ლამაზი ქალაქია, აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. უზბეკებს ქართველებთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ქართულ სიმღერებსაც ვუსმენთ, ვმღერით და ძალიან მოგვწონს. სხვათა შორის ადრე უზბეკურად ბათუმზეც ვმღეროდით სიმღერას. ჩვენ წარმოვადგენთ თოჯინურ სპექტაკლს „მუსიკალური ჩაის სახლი“. სულმოუთქმელად ველით როგორ მიიღებს მაყურებელი. იმედი გვაქვს, მოეწონებათ. სხვა სპექტაკლებიც ძალიან გვაინტერესებს და აუცილებლად დავესწრებით. განსაკუთრებით ქართულ სპექტაკლებს ველოდებით დიდი სიხარულით, რადგან ამ საქმეში ისინი პროფესიონალები არიან. ვულოცავ ყველას ამ ფესტივალს, – გვითხრა ფერგანის რეგიონალური თოჯინების თეატრის დირექტორმა სულტანოვი თავაკკალ მამაჯანოვიჩმა.
გახსნის დღესვე, მოგვიანებით, 20.00 საათზე, მაყურებელმა ფრანგული თეატრის კამერული სპექტაკლი „გილდო – მხატვარი სიზმრებში“ (რეჟისორი – ანხელ ნავარო) ნახა. საოცრად მოქნილი და გამომსახველობის მეტად მდიდარი სპექტრის მქონე თოჯინებს (მხატვარი და ადამიანის ჩონჩხი) ვირტუოზულად ათამაშებდა ფრანგი მეთოჯინე მსახიობი. სპექტაკლი წაკითხვის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ჩვენეული კი ასეთია – შემოქმედის უმოქმედობა, რომელიც წარმოდგენაში მხატვრის ძილით გამოიხატება, სიკვდილის ტოლფასია. სპექტაკლში ხელოვანის უქმად ყოფნისას ზეობს სიკვდილი – ჩონჩხის ფორმის თოჯინა სიხარულით როკავს მძინარის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედის პერსონაჟს წამდაუწუმ აღვიძებენ, ახსენებენ, რომ უნდა იმოქმედოს, შექმნას რაიმე ღირებული, ბეწვის ხიდზეც უნდა გაიაროს, რათა ხელოვნების ერთგვარ ჯადოსნობას მიაღწიოს, ის მაინც ძილს, ხავერდის ბალიშზე თავის მიდებას არჩევს, სიკვდილის სიმბოლო ჩონჩხი კი იქვე მოიკალათებს – სანამ ხელოვანს სძინავს, მას აქედან ვერავინ გააგდებს. უნებლიეთ გახსენდება დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრწყინვალე სტრიქონები: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“… ქართველმა მაყურებელმა, მათ შორის ბავშვებმა და მოზარდებმა დიდი ინტერესით მიიღეს სპექტაკლი და მხურვალე ოვაციითაც დააჯილდოვეს მისი ერთადერთი შემსრულებელი.
ფესტივალი 10 ნოემბერს, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.
ფესტივალის დამფუძნებლები გახლავთ სსიპ „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ და სსიპ „საქართველოს თოჯინების“ პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ირაკლი კიკვაძე და ნიკოლოზ საბაშვილი, ფესტივალის დირექტორები – იმედა თავდგირიძე და კონსტანტინე ქარქაშაძე, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მარეხ ტუღუში, კოორდინატორი კი ნელი ვაშალომიძეა.
ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო; ფესტივალის მხარდამჭერები: ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო, ბათუმი TV, გაზეთი „აჭარა“, ქართული თეატრის ელექტრონული არქივი – Theatre Life, OK საქართველო, OK ბათუმი.
მარიამ ხითარიშვილი