
თორნიკე რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ დროისთვის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი და კლინიკის ადმინისტრაცია ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალში“ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. შსს-ს ცნობით, ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.