
ირაკლი ბოლქვაძეს და გოჩა გუგუნავას უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ – ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღეს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა, უმაღლესი საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გამართული 3 მორიგი პლენარული სხდომიდან, არასაპატიო მიზეზით, არ დასწრებიან არცერთ სხდომას, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი და შესაბამისი კანონმდებლობა კი, უმაღლესი საბჭოს სხდომათა ნახევარის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში მყოფ მომდევნო ორ წევრს შეეძლება, სურვილის შემთხვევაში, ჩაანაცვლონ უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატები.
კანონმდებლებმა განიხილეს და გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
კანონის პროექტი სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსმა ჯაბა სურმანიძემ წარმოადგინა.