
დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი – ორსულებს
აჭარაში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის ორსულებისთვის გადაცემა დაიწყო. სახელმძღვანელო არის ინტეგრირებული, მრავალფუნქციური კლინიკურ-საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს როგორც ორსულობის, ისე ახალშობილისა და ბავშვის განვითარების მონიტორინგის საკვანძო კომპონენტებს.
პირველი წიგნი ორსულებს კლინიკა „ფარმალიაში“ გადაეცათ. ღონისძიებას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ლეილა ღოღობერიძე ესწრებოდნენ.
– დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში ინტეგრირებული და ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის დანერგვისკენ. პროექტი საშუალებას გვაძლევს, ერთიანი ფორმატით ვაწარმოოთ დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის ჩანაწერები, გავზარდოთ ინფორმირებულობა და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი როგორც კლინიკურ, ისე პრევენციულ დონეზე, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პარტნიორობით შეიქმნა. პროექტის განხორციელება დაიწყო აჭარაში და დაგეგმილია მისი ეტაპობრივი გაფართოება ქვეყნის მასშტაბით.
გალერეა


