
ნინო ცხვარაძე – ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები
„ხალხის ძალისა“ და ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ცხვარაძე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას აფასებს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა კანონდარღვევაა და სასჯელიც მისაღებია.
მისი თქმით, საგამოძიო კომისია უფრო ადრე უნდა შექმნილიყო.
„არავის გამოუგონებია ახალი ველოსიპედი – საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ეს არის კანონდარღვევა და არამხოლოდ საქართველოში, ევროპულ ქვეყნებშიც ისჯება კანონის შესაბამისად. სამწუხაროდ, ოპოზიციის მიზანი და სურვილი იმ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა, რომლებიც მხარს უჭერენ და ევროპა მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად აკერია პირზე.
დიახ, კანონი ყველასთვის არის კანონი! დრამების დადგმის და პერსონების გმირებად წარმოჩენის ნაცვლად, ყველამ გავიაზროთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები. ჩვენ არ გვაქვს რევოლუციების, „მაიდნის“ მოწყობის დრო, ქვეყანა მიდის სწორი გზით და ამას გარე ძალები ვეღარ შეაჩერებენ.
ადევნებენ თუ არა თვალყურს საგამოძიებო კომისიას ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერ გეტყვით, თუმცა, ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ნამდვილად მძიმე მოსასმენია ადამიანების ის ისტორიები, რაც წინა რეჟიმის დროს გადაიტანეს. ასობით გაუბედურებული ოჯახი, ფსიქიკაშერყეული ადამიანები, წამება, გაუსაძლისი ყოფა და მაინც, რეჟიმის შემოქმედნი ისევ ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ეს არ გამოუვათ ქართველი ხალხის დამსახურებით.
მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას ვიზიარებ, საგამოძიო კომისია უფრო ადრე უნდა შექმნილიყო და ყველას პასუხი უნდა ეგო ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ოპოზიციის ლიდერებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან დღეს სააკაშვილის დროინდელი ციხე აღარაა და არც გაუსაძლის პირობებში მოუწევთ ყოფნა“,-განაცხადა ნინო ცხვარაძემ ჩვენთან საუბარში.