7-8 სექტემბერს ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს  მასპინძლობს
By

7-8 სექტემბერს ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს  მასპინძლობს

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.

„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.

ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები სექტორის მაჩვენებლებზე აისახება. მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.

„განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე – 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით. საზღვაო სექტორში ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით გაციფრულდა და კიდევ უფრო გამარტივდა ნავსადგურებში გემების მომსახურების პროცედურები. მზარდი ტვირთნაკადების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ანაკლიის ნავსადგურს Landlord Port Model-ის საფუძველზე განვავითარებთ, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად სტრატეგიულ საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი – ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. ეს მიდგომა აბალანსებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებსა და კერძო სექტორის მონაწილეობას, ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საპორტო ინფრასტრუქტურაზე სამართლიან წვდომას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კომპანია International Container Terminal Services, Inc.-ის (ICTSI) ბიზნესის განვითარების დირექტორმა ჯეიკობ გულმანმა ფორუმის დაწყებამდე განაცხადა, შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან საქართველომდე არის გადაჭიმული,  მთელი მსოფლიოს  დამაკავშირებელია და ამ მიმართულებით საზღვაო ფორუმი უმთავრესი ღონისძიებაა.

„დაინტერესებული მხარეები ერთსა და იმავე ადგილას არ არიან, გაშლილი არიან მთელ მსოფლიოში. ამიტომ აქ ჩამოსვლის მიზანია ჩვენს ყველა კოლეგასთან, ბიზნესთან და მთავრობის ლიდერებთან შეხვედრა, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომუნიკაცია გვაქვს და ვსწავლობთ, რა ხდება ბაზარზე. ეს შესანიშნავი ფორუმია. შესანიშნავია, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, გახდეს კომუნიკაციის მთავარი ფასილიტატორი და შუა დერეფნის ვაჭრობის ზრდის მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა ჯეიკობ გულმანმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *