2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები – ფრიდონ ფუტკარაძე და ლაშა სირაბიძე უძღვებოდნენ, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. შესაბამისი მოხსენებით ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე გამოვიდა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 867 920,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 762 348,7 ათასი ლარი, რაც გეგმის 87,8 პროცენტია. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების – 96,1 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და ამ მხრივ გეგმა 110 %-ითაა შესრულებული.
ხარჯვითი ნაწილის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენისა და ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების გაცნობის შემდეგ, მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებ. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტით დაგეგმილ, განხორციელებულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო 17 მიმართულებით მუშაობს. ამასთან, არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 39 420,6 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ – 33 780,8 ათასი ლარი შეადგინა. უწყების გასული წლის საბიუჯეტო გეგმის შესრულების მაჩვენებელი 85,7 პროცენტია.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.