„წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ…“
გურამ მაჭარაშვილი გახარიას პარტიის მიერ პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებას აფასებს. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ გახარიას პარტიის ნარატივი ხშირად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს.
„ფრაქცია რომ ინტერპელაციის წესით იბარებს მინისტრს, ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენა. გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ხანდახან ერთი ერთში იმეორებენ იმ ნარატივს, რაც აქვს „ნაცმოძრაობას“ და მის პატრონებს უცხოეთში. თავდაპირველი კითხვა, რომ საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა ურთიერთობა ევროკავშირთან, ეს არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითის“ და მათი აქაური წარმომადგენლების ნარატივი. ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე თვით ადრე, თავად ჰერჩინსკიმ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა არანაირი საფუძველი არ დაუსახელებია. რამდენიმე კვირაში თქვა რეზოლუციებით“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ინტერპელაციის წესით დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს მოუსმენენ. მაკა ბოჭორიშვილს კითხვებით გიორგი გახარიას პარტიამ მიმართა.