„წიგნი – სიყვარულის საგალობელი“
By

„წიგნი – სიყვარულის საგალობელი“

ერთ-ერთმა ფრანგულმა გამომცემლობამ, ამ რამდენიმე ხნის წინათ, მკითხველს მიაწოდა ჟუჟუნა შაინიძის, მურმან და მინდია ცეცხლაძეების პოეტური კრებული და გულთბილი, შესანიშნავი წინასიტყვაობაც დაურთო, რომელშიც აღნიშნა, რომ ესაა პოეტების ოჯახი საქართველოდან – პოეტებისა და გმირების სამშობლოდან. წიგნში შეტანილი ლექსები მიჩნეულია სიყვარულის საგალობლად და სწორედ ამ ფაქტზეა ყურადღება გამახვილებული. ქალბატონი ჟუჟუნა შაინიძე, მურმან და მინდია ცეცხლაძეები ცნობილები არიან არა მარტო თავიანთი მხატვრული შემოქმედებით, არამედ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობითაც. მათ მიერ გამოცემული პოეტური კრებულები და სამეცნიერო ხასიათის ნაშრომები საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ უცხოეთში გამოცემას სხვა სიხარული ახლავს, რამაც ეს სანაქებო ოჯახი მოგზაურის ბილიკებს პარიზისკენ გაუყენა. ამ დიდებულ ამბავზე, წიგნის დაბადებაზე, პარიზში მოგზაურობის პერიპეტიებზე უფრო დაწვრილებით თავად ქალბატონი ჟუჟუნა შაინიძე გვიამბობს.

– პარიზში წასვლას რა უნდაო, – წლების წინ პოეტმა და მთარგმნელმა ბადრი თევზაძემ კაი გვარიანად შეგვაგულიანა, თუმცა ამ სახელწოდების  წიგნითვე („პარიზში წასვლას რა უნდა“)  საკმაოდაც შეგვამზადა, რომ სასიამოვნო მოგზაურობისას უამრავი დაბრკოლება შეგვხვდებოდა და, მართლაც, ჩვენც რთული, წინააღმდეგობრივი გზა გავიარეთ. რამ გადაგვაწყვეტინა პარიზში წასვლა? –  ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთმა გამომცემლობამ მოწვევა გამოგვიგზავნა მხატვრული და სამეცნიერო წიგნის (წიგნების) გამოცემაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ლექსების გამოცემა ვარჩიეთ. თავისთავად, საკმაო დრო დასჭირდა თარგმნას, საგამომცემლო პროცედურას  და აი, ეს პატარა წიგნი, ფრანგულ-ქართულენოვანი გამოცემა, სათაურით  „პოეტების ოჯახი საქართველოდან” (Une famille de poètes de la Géorgie), განთავსდა „libroterra“-ს პლათფორმაზე (https://libro-terra.com › Shop). ჩვენ გვსურდა, წიგნი ამ პლათფორმიდან   უფრო ცოცხალ პროცესში გადმოგვეყვანა, რაც  მრავალ გარემოებათა გამო, ჯერჯერობით არ მოხერხდა, თუმცა გამოიკვეთა გზები, რომ მომავალში შევძლებთ ამ დაბრკოლებათა გადალახვასაც.  წიგნში, რომელიც ფრანგულად თარგმნა პოეტმა და მთარგმნელმა რუსუდან გოგბერაშვილმა, შესულია სამი ავტორის (მურმან ცეცხლაძე, ჟუჟუნა შაინიძე, მინდია ცეცხლაძე) ათ-ათი ლექსი. რა თქმა უნდა, რამდენიმე ლექსი, რომელიც ქართველ მკითხველს მოსწონს, თავისი შინაარსით ფრანგული კულტურისთვის უცხო იქნებოდა, ამიტომ ლექსები შესაბამისად, მკაცრად, შევარჩიეთ, თუმცა როგორც მთარგმნელმა აღნიშნა, მინდიას ფილოსოფიური ლირიკის გადატანა სხვა ენაზე  გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ემოციური ლირიკული ლექსებისა.   გამოცემას  ფრანგულ ენაზე წამძღვარებული აქვს შემდეგი შინაარსის ანოტაცია:  „ეს პატარა წიგნი არის სიყვარულის საგალობელი. აქ თქვენ გაეცნობით პოეტურ ოჯახს ძალიან ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც ჰქვია საქართველო, სადაც ცხოვრობს თავისუფლებისმოყვარე და სტუმართმოყვარე ქართველი ერი.  საქართველო – ეს არის პოეტებისა და გმირების სამშობლო. აქ, კავკასიონის ყინულოვან მთებში ჯერ კიდევ მიჯაჭვულია ზღაპრული ამირანი, რომლის გამოსახსნელად თავდადებით იბრძვის ქართველი ხალხი. ამ ერს ჰყავს შოთა რუსთაველი და აქვს „ვეფხისტყაოსანი“, აქვს ლამაზად მოგვირისტებული საკუთარი ანბანი და კიდევ ბევრი რამ ისეთი, რასაც ისინი სიცოცხლეზე წინ აყენებენ და უპირველესად – ეს არის სამშობლო, მისი გმირული ისტორია, თავისუფლება, კაცთმოყვარეობა. ამ წიგნში წარმოდგენილი თითოეული სტრიქონი გაჟღენთილია სიცოცხლის სიყვარულით, საქართველოს უკეთესი მომავლის სურვილით. პოეტები ოცნებობენ, რომ იყოს კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი“. რაც შეეხება პარიზულ შთაბეჭდილებებს, ჯერ ისევ ნანახისა და განცდილის ტყვეობაში ვარ. ცოტა რომ „დავეშვები“, ყველაფერს აღვწერ „პარიზულ დღიურებში“, ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პარიზის გასაცნობად სამი-ოთხი დღე არ არის საკმარისი, მით უმეტეს, როცა ლიტერატურული ამბებითა და  პროცესებით ხარ დაინტერესებული. ასე რომ, შემდეგი საქმიანი ვიზიტი გეგმაში გვაქვს.


განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვინც კი გაიგო, საქართველოდან ვიყავით, თითქმის ყველას რეაქცია ასეთი იყო: „ააა, კვარაცხელია, მამარდაშვილი!!!“ დღეისათვის ეს არის ჩვენი სახე, ჩვენი  სავიზიტო ბარათი.  რაც შეეხება სხვა გეგმებს, ჩვენი ლექსები, ფრანგულის გარდა, რამდენიმე (იტალიურ, ბერძნულ, ინგლისურ, თურქულ) ენაზე  ითარგმნა, რომელთა გამოქვეყნებას სამომავლოდ, ვაპირებთ, თუმცა ინგლისური თარგმანებიდან რამდენიმე ლექსი უკვე შეტანილია ორ საგამომცემლო პროექტში, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.   მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი ლექსების ფრანგულ ენაზე მთარგმნელს, სათნო და დიდსულოვან ქალბატონს რუსუდან გოგბერაშვილს, რომლის გარეშეც წიგნის გამოცემაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. ასევე, დიდი მადლობა იმ ჯგუფს, რომელსაც საქართველოდან გავყევით და იმ ქართველებს, რომლებიც პარიზში დაგვხვდნენ. რამდენი სითბო, სიყვარული, მზრუნველობა და პატივისცემა გვარგუნეს. მარტო მათი გაცნობისთვის ღირდა პარიზში წასვლა. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, გაზეთ „აჭარის“ მთლიან შემადგენლობას, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს ჩვენს ლიტერატურულ სიახლეებს და უდიდესი მადლობა ქართველ მკითხველებს, ასე რომ გვაგულიანებენ, გვამხნევებენ, იზიარებენ ჩვენს სიხარულსა და შემოქმედებით წარმატებებს. ყოველივე ეს ახალი ენერგიით გვავსებს და  ძალიან ბევრს გვავალებს.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *