ჩაისუბნის სკოლის მოსწავლეები აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას გაეცნენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს და პედაგოგებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა და სახელისუფლებო შტოების შესახებ ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა მათ შორის დაბალანსებული და კოორდინირებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ცოტნე ანანიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სპეციფიკას, უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.
„ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას, უკეთ გაიაზროს საკუთარი როლი სახელმწიფოებრივ პროცესებში“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
მოსწავლეებს უმაღლესი საბჭოს სტრუქტურულ ერთეულებსა და საკომიტეტო საქმიანობაზე ინფორმაცია ფატი ხალვაშმა მიაწოდა. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თანატოლების მხრიდან შემოტანილი პეტიციებითა და იმ პროცედურებით, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მათ დარეგისტრირებასა და განხილვას უკავშირდება.
უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრამდე, მოსწავლეები მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში იმყოფებოდნენ, გაეცნენ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, თავად ცენტრისა და ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge-ის სერვისებს.