შიო მესამე: საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას
By

შიო მესამე: საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას

12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა. შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს.

„გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას“, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული“.

„თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს თქვენდა მსახურ“. ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი, ისევ და ისევ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას. აუცილებელია, განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტესმიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, „ყოველნი ერთ იყვნენ“. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს. ამიტომ, დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე, შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა, შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის, მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი“, – განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქმა სინოდის მღვდელმთავრებს და ხალხს თანამდგომისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენს საყვარელ ხალხს, მრევლს ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანამდგომისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩვენს საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს ლოცვებისთვის, თანამდგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, – აღნიშნა შიო მესამემ.

შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა და აღსაყდრება მიულოცეს.

საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის, ასევე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა შიო მესამეს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა, ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი მსახურება უსურვა.

„დიდი სიხარულით მივიღეთ სასიხარულო ამბავი თქვენი ღირსეული არჩევის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შემდგომ, რომელმაც ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებლობას. ძმური სიყვარულით გილოცავთ, ვლოცულობთ, გქონდეთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე, ჩვენთან და ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, მართლმადიდებლური ერთობის, თანამშრომლობისა და სამყაროს წინაშე ერთობლივი ხმის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა შიო მესამეს გამოუგზავნა.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *