„შენ მარტო არ ხარ“ – ლაშა მარგიანის პოეზია, რომელმაც მკითხველებს ერთმანეთი აპოვნინა
ზოგჯერ წიგნის ავტორისა და მკითხველის შეხვედრა უბრალოდ ლიტერატურული საღამო აღარ არის. ის ხდება ემოციების, ადამიანური ისტორიების ერთგვარი გაგრძელება, რომლებიც წიგნის ფურცლებზე იწყება და შემდეგ ცხოვრებაში აგრძელებს არსებობას.
რამდენიმე დღის წინ პოეტმა ლაშა მარგიანმა ბათუმში წიგნის – „შენ მარტო არ ხარ“ წარდგენა გამართა. ეს მისთვის განსაკუთრებული საღამო იყო – ქალაქში, სადაც წიგნის წარდგენა პირველად გადაწყვიტა და რომელსაც მანამდე მხოლოდ მისი მკითხველებისგან მიღებული ემოციებით იცნობდა. ბათუმმა ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ამბად აქცია.
ლაშა მარგიანის წიგნმა მკითხველთან მისვლის არაერთგვაროვანი, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა გაიარა – გამომცემლობების უარიდან მკითხველების მხარდაჭერამდე, პირველი ტირაჟის ორ ღამეში გაყიდვიდან დღემდე, როცა უკვე მეთორმეტე ტირაჟი იბეჭდება. მისი პოეზია იმ ადამიანებისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით ახლობელი, ვინც საკუთარ განცდებსა და ტკივილს მის სიტყვებში ამოიცნობდა.
ბათუმურ საღამოზე ლაშამ მკითხველთან განსაკუთრებული კავშირის, საკუთარი წიგნის ისტორიისა და მომავალი შემოქმედებითი გეგმების შესახებ გვესაუბრა. ამ შეხვედრას ერთი პატარა, ძალიან თბილი, სიყვარულის მოულოდნელი ისტორიაც დაერთო – ამბავი, რომელმაც საღამოს დასასრულს დარბაზი განსაკუთრებული ემოციით აავსო…
– ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ, სწორედ ბათუმი გამხდარიყო პირველი ქალაქი, სადაც თქვენი წიგნის წარდგენას გამართავდით? რა შეგრძნებებით ჩამოდიოდით ბათუმში და რა შეგრძნებით ტოვებთ ქალაქს დღეს?
– განსაკუთრებით პოეზიას რომ ეხება საქმე და, მით უმეტეს, ჩემს წიგნს, განსაკუთრებულად მინდა, ყველაფერი განსაკუთრებული იყოს. სამ წელზე მეტია, რაც წიგნი დავბეჭდე და მისი წარდგენა აქამდე არსად გამიმართავს. ამიტომ მინდოდა, ეს ყოფილიყო ყველაზე განსაკუთრებული დღე. ყველაფერი თითქოს თავისთავად მოხდა. მოვლენები ერთმანეთს ისე მიჰყვა, რომ საბოლოოდ აქამდე მოვედი. წიგნების გაყიდვისა და გავრცელების მონაცემებს რომ გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ბათუმში 9 000-ზე მეტი წიგნი მქონდა გაგზავნილი, თუმცა საქმე მხოლოდ წიგნების რაოდენობაში არ არის. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც ბათუმიდან ჩემი წიგნი შეუძენია, მიკავშირდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისინი, უბრალოდ, მოდას აყოლილი ადამიანები არ ყოფილან, ისინი წიგნს კითხულობდნენ.
ბათუმთან ძალიან დიდი შინაგანი, სულიერი ბმა გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ მანამდე ნამყოფი არასდროს ვიყავი, გულითაც, სულითაც და გონებითაც მომინდა, რომ პირველი საღამო სწორედ ბათუმში გამეკეთებინა. როგორც კი ეს სურვილი გავახმოვანე, ორ დღეში ყველა ადგილი დაიჯავშნა და ისე მოხდა, რომ მეორე დღესაც მოგვიწია წიგნის წარდგენა. თუ ადამიანს გული არ უცემს, თუ ის ნაწერები, რომლებიც წაიკითხა, მისთვის ცოცხალი არ არის და ეს ყველაფერი რეალურ, ცოცხალ ჯაჭვად არ იქცა, ასეთი რამ არ ხდება. ძალდატანებით ამას ვერ შექმნი. ამიტომ, ძალიან მიხარია ყველაფერი, რაც ბათუმში მოხდა. ძალიან რთულია ჩემი მადლიერების გამოხატვა ბათუმისა და ბათუმელების მიმართ.

– თქვენი წიგნის გაყიდვების თვალსაზრისით, ვფიქრობ, საქართველოს რეალობაში უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ადამიანების ასეთი სიყვარული და დამოკიდებულება თქვენი წიგნის მიმართ?
– საჭირო კითხვაა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ლიტერატურულ გარემოში, სადაც ავტორებს ეთაკილებათ საკუთარი შემოქმედების გაყიდვა, მით უმეტეს – მისი გაპიარება და პოპულარიზაცია. რატომღაც ამას სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. ბეჭდავენ გამომცემლობები წიგნებს, შემდეგ ისინი შედის წიგნის მაღაზიებში და ან გაიყიდება, ან არა. პოეზია საქართველოში ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი ლიტერატურული პროდუქტია. აბსოლუტურად არცერთ წიგნის მაღაზიაში, წინა დახლზე, ვერ ნახავთ, პოეტური კრებული იდოს. მათთვის ცალკე კუთხეებია გამოყოფილი. ადამიანების უმეტესობა რომანებსა და მსგავსი ტიპის ლიტერატურას ყიდულობს. ყველა გამომცემლობამ, ვისთანაც მივედი, წიგნის დაბეჭდვაზე უარი მითხრა. საუბარია დაახლოებით 20-25 გამომცემლობაზე. ყველა გამომცემლობას პატივს ვცემ, მიყვარს და არ მინდა, ვინმემ ცუდად გაიგოს – უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ. მათ თავიანთი მიზეზები ჰქონდათ: მითხრეს, რომ ფინანსურად ჩემი წიგნის გამოცემა მომგებიანი არ იყო და დაბეჭდვის შემთხვევაში დაზარალდებოდნენ, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
მე კი სიჯიუტე მახასიათებს – მინდოდა, წიგნს ზუსტად ისეთი ვიზუალური მხარე ჰქონოდა, როგორიც ახლა აქვს და ეს საკმაოდ ძვირად ფასობდა. ბოლოს მოხდა ის, რომ მკითხველმა დასაბეჭდი თანხის ნახევარი შემიგროვა. პირდაპირი მნიშვნელობით, უანგაროდ დამიდგა მხარში. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა. ვერ აღგიწერთ, რამდენად საოცარი მომენტი იყო. წიგნის დაბეჭდვას ასეთი წინაპირობა რომ ჰქონდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ინტერესს გამოიწვევდა.
საოცრებაა, რომ პირველივე ტირაჟი, 1 580 ეგზემპლარი ზუსტად ორ ღამეში გაიყიდა, ახლა კი მეთორმეტე ტირაჟი იბეჭდება. ფიზიკურად წიგნის მაღაზიამდე მისვლაც კი არ ყოფილა საჭირო, წიგნი ონლაინ გავყიდე – Facebook-ზე მივიღე შეკვეთები… მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა. მე, ალბათ, იმ ავტორების გაგრძელება ვარ, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარი ცხოვრებით უნდა აჩვენებდე იმას, რასაც წერ. არ მიყვარს ავტორები, რომლებიც სხვანაირად ცხოვრობენ და სხვანაირად წერენ. აქ, რა თქმა უნდა, პოეზიაზე მაქვს საუბარი. მე რასაც ვწერ, თავიდან ბოლომდე ჩემი სულიდან, გულიდან და ცხოვრებიდან გამომდინარეობს. არაფერს ვიგონებ. ვცდილობ, მაქსიმალურად ყველაფერი ნამდვილი იყოს, არ მიყვარს ზედმეტად „ბულბულყვავილა“ სიტყვები.
იმის თქმა მინდა, რომ ტკივილიანია ყველა ჩემი ნაწერი. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები ყველაზე მეტად სწორედ ტკივილებით ვგავართ ერთმანეთს. თურმე ჩემსავით სტკივა ათასობით ადამიანს და სწორედ ეს გვაერთიანებს. წიგნის სახელიც – „შენ მარტო არ ხარ“ – აქედან მოდის.
ერთი კვირით ადრე, სანამ წიგნი დაიბეჭდებოდა, ავარიაში მოვყევი, ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს. ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი მაშინ მკითხველისგან, ისეთი თანადგომა, რომ ეს სიტყვები თავისთავად მოვიდა. გვიანი ღამე იყო, ყველაფერი უკვე გადაგზავნილი მქონდა დასაბეჭდად, მაგრამ დავრეკე, შევაცვლევინე და მოვასწარი, რომ წიგნს სწორედ ეს სახელი – „შენ მარტო არ ხარ“ დარქმეოდა.
ფაქტი ერთია – ადამიანებმა ამ წიგნში თანაგრძნობა და ნუგეში იპოვეს. ერთმა ადამიანმა მომწერა: „როცა შენი წიგნი წავიკითხე, პირველად მქონდა განცდა, რომ სადღაც ჩემნაირიც არსებობს.“
ეს განცდა, ამ წუთისთვის, ალბათ, უკვე 20 000 ადამიანს გაუჩნდა, რადგან წიგნის გაყიდვების რაოდენობამ ამ რიცხვს გადააჭარბა. თამამად შემიძლია ვთქვა და ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს, რომ ეს საქართველოში კი არა, ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში პოეზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ძალიან მიხარია, რომ ჩემი წიგნი ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა ინსპირაციის წყარო საკუთარი შემოქმედების რეალიზაციისთვის.
– და მაინც, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია?
– ძალიან ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი, მაგრამ ერთი კონკრეტული პასუხი არასდროს მქონია. პოეზია, პირველ რიგში, ჩემთვის არის იმის შეგრძნება, რომ სული მაქვს. პოეზია ხომ არის ის, რაც ადამიანის სულიდან გამოდის. რაც ადამიანის სულიდან არ გამოდის, ის პოეზია არ არის. ვფიქრობ, რომ პოეზია ის წერტილია, სადაც ადამიანი საკუთარ სულს ეხება და შემდეგ, ალბათ, ღმერთსაც. ამას არ ვამბობ კლასიკური რწმენის გაგებით ან რომელიმე კონკრეტული რელიგიური გაგებით. ამას ვამბობ წმინდა ადამიანური გაგებით.

– რა ხდება ახლა თქვენს შემოქმედებაში და რას უნდა ველოდოთ მომავალში?
– რა თქმა უნდა, ვწერ ახალ ლექსებს, ეს პროცესი არ გაჩერებულა, მაგრამ ფიზიკურად იმხელა დრო აღარ მრჩება საწერად, რამდენიც მქონდა წიგნის დაბეჭდვამდე. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა. ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი წიგნის გაყიდვა თავად არ მიწევდეს და ამაზე სხვა ადამიანი მუშაობდეს. ვთვლი, რომ აუცილებელი არ არის, ადამიანს ორი, სამი ან ათი კრებული ჰქონდეს. შეიძლება ერთი წიგნიც საკმარისი იყოს იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენი საყვარელი ადამიანის, არამედ მსოფლიოს ხალხთა გულებში დარჩე, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ახალი ლექსებიც გამოვცე წიგნად. რამდენ წელში მოხდება ეს, არ ვიცი. საკმაოდ კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. სწორედ ამიტომ ამ წიგნის დაბეჭდვასაც 11 წელი დასჭირდა – იმდენი, რამდენიც დამჭირდა, დავრწმუნებულიყავი, ჩემი ნაწერი ადამიანებისთვის ღირებული იქნებოდა, ადამიანებს დადებით ემოციებს მოუტანდა. როდის ჩავთვლი დანარჩენ ნაწერებზე იგივეს, ვერ გეტყვით ბევრი წელი უნდა გავიდეს, რომ ისინი თავიდან გადავიკითხო და ღირებულად ჩავთვალო.
ლაშა მარგიანის საღამო იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ პოეტი ღონისძიების დასაწყისშივე დამსწრეებს დაჰპირდა – საღამოს ბოლოს სასწაული სიურპრიზი გელოდებათო. საღამოს დასასრულს კი გაირკვა, რომ დარბაზში იმყოფებოდა გოგო, რომელსაც თაყვანისმცემელმა ულამაზესი ვარდების თაიგული და წიგნი „შენ მარტო არ ხარ“ გამოუგზავნა სიყვარულის ნიშნად… ეს ისტორია მხოლოდ ვარდებითა და წიგნით არ დასრულებულა.
ნამდვილი სიურპრიზი მაშინ დაიწყო, როცა ლაშამ დამსწრეებს აუწყა, რომ ამ ბიჭს მხოლოდ ერთი ადამიანის საჩუქარზე არ უფიქრია. მან წიგნი ყველა სტუმრისთვის, იმ გოგოს სახელით, შეიძინა და საჩუქრად გადასცა.
ალბათ, პოეზიას სწორედ ასეთი ისტორიები უხდება ყველაზე მეტად – სიყვარული, რომელიც სიტყვით იწყება, წიგნში გადადის და ბოლოს ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს.
იმ საღამოს ლაშა მარგიანის წიგნმა კიდევ ერთხელ გაამართლა თავისი სახელი – „შენ მარტო არ ხარ“. დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა არა მხოლოდ პოეტის სიტყვები მოისმინეს, არამედ სიყვარულის პატარა ისტორიის თანამონაწილეებიც გახდნენ. ამ ქალაქში ლაშას პირველი ლიტერატურული საღამო თავად იქცა პატარა ისტორიად – სიყვარულით, მოულოდნელობით, სითბოთი და იმ ემოციით, რომელიც ყველაზე კარგ წიგნებსა და ყველაზე ნამდვილ შეხვედრებს ახლავს.
ალბათ ამიტომაც იყო ეს საღამო განსაკუთრებული – იმ დღეს ბათუმში მხოლოდ წიგნის წარდგენა არ ყოფილა, ადამიანებმა ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მარტონი არ არიან.
ნანა აბულაძე