შარმანაშვილი ფარცხალაძეზე: ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს მწვავედ აკრიტიკებს. მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეობის დატოვება არ ცვლის ადამიანის კავშირს საკუთარ ქვეყანასთან და მიუღებელია, როდესაც ქართველი რუსეთის მხარეს იბრძვის.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად წავიდა.
მისივე თქმით, რომანოვ-ფარცხალაძე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილია და დაკავების შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
„სახელმწიფო ორგანოებს მასზე გამოცხადებული აქვს ძებნა. თუ ჩვენ მას დავაკავებთ, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება საპატიმრო დაწესებულებაში. ის კაცი ჩემს თვალში არის დამნაშავე, რომელსაც ვეძებთ. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა დატოვე, შენი სამშობლო მაინც ხომ არის საქართველო. ქართველი კაცი რომ ბატალიონს შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ შეიარაღებულ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
თავად რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, „უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
ფარცხალაძის განცხადებითვე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლა საკუთარი ნებით გადაწყვიტა.