„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გაძლიერდეს და მთა განვითარდეს“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ხულოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მთიანი აჭარის გაძლიერება, თითოეულ ადამიანსა და ოჯახზე ზრუნვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.
„ამ ულამაზესი მუნიციპალიტეტის განვითარება, თითოეული მცხოვრებისა და ყველა ოჯახის ინტერესების დაცვა ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გაძლიერდეს და მთა განვითარდეს. ჩვენი მიზანია, აჭარის რეგიონში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ვიზიტიორთა რაოდენობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეულ სოფელში, დაბასა და ხეობაში. გზა, წყალი, ელექტროენერგია და ინტერნეტი არის ის მინიმუმი, რაც ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია დასაქმების ზრდა, წარმატებული პროექტების განხორციელება და ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარგალიტის – გოდერძის უღელტეხილის განვითარება. როგორც ადრე, დღესაც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ეს პროცესები გაგრძელდეს და მთაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ თაგოს საბაგირო გზის მონაკვეთი და დაბა ხულოს განახლებული სკვერი დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.