ქედელი მოჭიდავეების წარმატება
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში დასრულდა აბა ჭიდაობაში მეშვიდე საერთაშორისო ტურნირი და მეხუთე ღია ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო მეორედ გახდა ევროპის გუნდური ჩემპიონი აბა ჭიდაობაში.
საქართველოს აბა ჭიდაობის ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა და შთამბეჭდავი შედეგით – ხუთი ოქროს მედლითა და გუნდური პირველი ადგილით, მეორედ მოიპოვა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული!
აბა ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ხუთი ოქროს მედალოსნიდან, სამი ქედის სასპორტო სკოლის მოჭიდავეა – 60, 70 და 80 კილოგრამ წონით კატეგორიებში პირველები იყვნენ მარად გორგაძე, კობა და დიეგო მახარაძეები.
ქედელ მოჭიდავეებს წარმატება ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ მიულოცა.
თამაზ მგზავრიძე