„ქართული რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ მდაბიოა, როგორც შიდა პროცესების, ისე საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის აღქმაში“
გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტანალიტიკოს გია აბაშიძესთან, რომელიც „აჭარასთან“ საუბრობს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის, აშშ-ის პოზიციების, პეტერ მადიარის გამარჯვების და თბილისში ტრამპთაუერის მშენებლობის შესახებ.
– შაბათს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეზე „მკაცრი კონტროლი“ აღადგინეს. ამით მათ გააუქმეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწყლოსნო გზის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ვაშინგტონთან მოლაპარაკებების ფარგლებში იყო მიღებული. რა ნაბიჯს გადადგამს ტრამპი?
– ინფორმაციები იმდენად სწრაფად იცვლება და იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ანგარიშები მოდის ძალიან სერიოზული მედიასაშუალებებისგან, რომ შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, თუმცა რასაც რეალობა გვაჩვენებს, რომელიც ასახულია დასავლურ, ახლო აღმოსავლეთის, არაბული ქვეყნების თუ ირანულ და სხვა მედიებში, საუბარია ირანში ურანის გამდიდრების შეჩერების ვადებზე და ამისთვის მილიარდების გადახდაზე ვაშინგტონის მხრიდან, ანუ მთავარ საჯილდაო ქვად ისევ და ისევ რჩება კოლოსალური თანხები. ბოლო მონაცემებით, ირანი ითხოვს 27 მილიარდ დოლარს. მისი შეფასებით, ეს არის იმ სანქცირებული აქტივების განბლოკვა, რომელსაც წლებია, ადებს დასავლეთი. თავდაპირველად, ტრამპმა ამ შეთანხმებებისთვის ირანს შესთავაზა 6 მილიარდი, ახლა ციფრი გაზარდა 20 მილიარდამდე ირანში 20 წლით ურანის გამდიდრების სანაცვლოდ. ამაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც საშინელი დარტყმა, ღმერთმა აშოროს ლეტალური, მიადგა არაერთ საერთაშორისო ბაზარს ევროპაში, აზიაში და სხვ.
– ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს, რომ გამარჯვებული გამოვიდეს ამ ომიდან. . .
– ის, რომ ტრამპს სურს გამარჯვებული გამოვიდეს ამ ომიდან, რომელსაც ამერიკელები დაუფარავად უწოდებენ „ვიეტნამ-2“-ს, ყველასთვის გასაგებია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეირყევა მისი რეპუტაცია, რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება რესპუბლიკელების რეიტინგზე, დემოკრატებთან ერთად რომ ელოდებიან სამი ნოემბრის შუალედურ არჩევნებს კონგრესში. ბუნებრივია, ტრამპის დამარცხება ირანში იმის ტოლფასი იქნება, რაც თავის დროზე ბაიდენს დაემართა ავღანეთთან დაკავშირებით და თუ, ვთქვათ, 2028 წლის არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადებიან ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო, ირანთან დამარცხების შემთხვევაში, მომდევნო წლებში მათ მოუწევთ დისტანცირება ტრამპის პოლიტიკისგან. ეს ძალიან რთული პაზლია, რომელიც უნდა დაალაგოს ტრამპმა. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტი პოლიტიკოსზე მეტად პოლიტიკურ-სავაჭრო გარიგებების დიდოსტატია და, აქედან გამომდინარე, ვინაიდან სურს აჩვენოს ამერიკელებს, რას მიაღწია, მოუწევს უფრო მეტ დათმობებზე წასვლა.
– გამოდის, ტრამპის ირანზე თავდასხმის თავდაპირველი მიზანი – ირანის რეჟიმის შეცვლა, წარსულს ჩაბარდა?
– რა თქმა უნდა, საუბარი რეჟიმის შეცვლაზე, ოპოზიციის გამარჯვებაზე და ა.შ, რაც თავდაპირველად იყო, ჯერ კიდევ საჰაერო დაბომბვებამდე, თეთრი სახლის დღის წესრიგიდან მოიხსნა, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროების მონაცემებით. ახლა მხოლოდ ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივის რაღაც პერიოდით გაყინვა განიხილება, რომლის სანაცვლოდ თეირანი მიიღებს მილიარდებს, ხოლო ჰორმუზის სრუტეში აღდგება შეუფერხებელი ტვირთზიდვა. ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად ღრმავდება უფსკრული ტრამპის ადმინისტრაციას, ნატოს და ევროკავშირს შორის. თავად ევროპელი ლიდერებიც აღიარებენ, რომ აშშ-სთან საერთო წარსული იცვლება და როდესაც დასრულდება ირანის დაბომბვები, მათი ურთიერთობა, გადახედვას დაექვემდებარება.
– რამდენად წავა ამ შეთანხმებაზე ირანი, რომელიც ტრამპისადმი და აშშ-ის მოსახლეობისადმი მიმართვაში ღიად აცხადებს: „ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, ეს ომი გაგრძელდება თქვენს დამცირებამდე და სამუდამო დანებებამდე“.
– ბუნებრივია, ნებისმიერი ომის დროს, მოწინააღმდეგეები მაქსიმალურ ულტიმატუმებს და პირობებს აყენებენ საჯაროდ, თუმცა დახურულ კარს მიღმა სულ სხვა ტონალობაში საუბრობენ. ფაქტია, რომ პაკისტანის დედაქალაქში ჯეი დი ვენსის მიერ გამართული მოლაპარაკებები წარუმატებელი იყო, მაგრამ ისიც კარგია, რომ არ შეჩერებულა და მაინც მიმდინარეობს შუამავლების – პაკისტანის, თურქეთის და ეგვიპტის საშუალებით. აქვე მინდა გამოვყო ჯეი დი ვენსის როლი მშვიდობის მტრედის ამპლუაში. რიგი დასავლელი პოლიტიკური აქტორების შეფასებით, ეს არის ტრამპისგან გამიჯვნა, ზოგიერთი კი მიიჩნევს „ცუდი და კარგი პოლიციელის“ კლასიკურ თამაშად. რამდენად შეძლებს ბატონი ვენსი პოზიტიური შედეგის დადებას, ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს, მაგრამ ვიმეორებ, ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ოფიციალური ცნობები ვრცელდება.
– ისრაელმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაბომბა ირანის სამხრეთი. . .
– ბუნებრივია, ისრაელს თავისი სახელმწიფოებრივი ეგზისტენციური ინტერესებიდან გამომდინარე აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს მისი დაუძინებელი მტერი – ირანი. ეს მტრობა ათწლეულებია გრძელდება, მაგრამ ის, რომ აქ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ტრამპს, უდავოა. ისრაელის ხელისუფლების მოთოკვა ასე თუ ისე თეთრ სახლს შეუძლია, თუკი მიაღწევს გარკვეულ პროგრესს თეირანთან მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურად შეაჩეროს ირანში ბირთვული იარაღის შექმნა.
– რაც შეეხება ტრამპის დაპირისპირებას ჯერ რომის პაპთან და შემდეგ ჯორჯა მელონისთან?
– აქ გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები. ტრამპი ინსტიტუციურად უპირისპირდება ნატოს და ევროკავშირს, რასაც თავისი არგუმენტები აქვს. კერძოდ, ესენი არ დაუდგნენ გვერდით ირანთან კონფლიქტში. ზოგიერთმა ქვეყანამ ობსტრუქციაც კი გაუწია მის სამხედრო მოქმედებებს. ვგულისხმობ ცის გადაკეტვას ესპანეთში აშშ-ის ესკადრილიისთვის და იტალიის მიერ ამ კუთხით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპის მემარჯვენე კონსერვატორი ძალები ემიჯნებიან ტრამპის პოლიტიკას, რაც მკაფიოდ დადასტურდა უნგრეთში არჩევნების დროს, როდესაც ტრამპის, ვენსის და რუბიოს მხარდაჭერამ დათვური სამსახური გაუწია ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“. ამ ფონზე გასაგებია რომის პაპთან დაპირისპირება, თუმცა არა მხოლოდ კათოლიკური სამყაროს სასულიერო პირების, არამედ პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებითაც, ამ დაპირისპირებით, ტრამპმა დაუშვა შეცდომა. რომის პაპთან კონფლიქტი არ არის სასარგებლო არცერთ დროს და არცერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ცხადია, ამ ვერბალურ დაპირისპირებაში რომის პაპმა შეარბილა ნათქვამი და დათმო თავისი სტატუსიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ ამართლებს აშშ-ის პრეზიდენტს, რადგან ის თავიდანვე პოზიციონირებდა, როგორც ქრისტიანი. სწორედ აქედან გამომდინარე შეირყა ტრამპის, როგორც მორწმუნის, იმიჯი, მას ამერიკის სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების ხელმძღვანელებიც დაუპირისპირდნენ მარტივი გზავნილით: რომის პაპთან კონფლიქტი დაუშვებელია!..
რაც შეეხება ევროპელ ლიდერებს, აქ ცოტა განსხვავებულადაა საქმე. ევროპაში არჩევნებია. ამ ქვეყნების მეთაურობის კანდიდატები აფიქსირებენ, რომ ტრამპთან გარკვეულ საკითხებში თანამზრახველობა კარგია, მაგრამ არა გლობალურ პოლიტიკაში. სხვადასხვა გამოკითხვით, ევროპელების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ირანთან კონფლიქტს, რამეთუ ომი, რომელიც აისახება ამა თუ იმ ევროპელის ჯიბეზე, მათთვის მიუღებელია. ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც ევროპულ ბაზრებზე, ისე დიდ ავიაციაზე, ყველაფერ ამას თუ გავაანალიზებთ, ბევრი რაღაცის დათმობა არა მხოლოდ ირანს, აშშ-საც მოუწევს.
– მადიარი და საქართველო. . . ოპოზიცია არ ელოდა მის ასეთ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს შესახებ. . .
– ქართული რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ მდაბიოა როგორც შიდა პოლიტიკური პროცესების, ასევე, საერთაშორისო პოლიტიკური რეალობების აღქმაში. გავიხსენოთ, როგორ აიგივებდნენ საქართველოსთან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების გადადგომის შემთხვევებს: ვენესუელა, ნეპალი, სომხეთი. . . ახლა დაიწყო მადიარიზაცია. . . მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ოპოზიციის ფლანგზე მყოფმა განათლებულმა ექსპერტმა კარგად იცის, თუ რატომ გაიმარჯვა პეტერ მადიარმა, მაგრამ საკუთარი პარტიული დღის წესრიგი არ აძლევს ამის თქმის საშუალებას. ფაქტობრივად, პეტერ მადიარი წარმოადგენს რებრენდირებულ კონსერვატიზმს, გადახრილს მემარჯვენე ცენტრისტობისკენ. ის შეეცდება, გადააწყოს ორბანის პოლიტიკა, გადაჭრის ყოფით პრობლემებს, მაგრამ არ გადააბიჯებს იმ წითელ ხაზს, რომელიც უნგრული საზოგადოების დაკვეთაა. ვგულისხმობ, სუვერენიტეტის დაცვას, ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობას, მათ შორის რუსეთთან და ჩაურევლობას სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, მათ შორის – საქართველოსი. პეტერ მადიარმა, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლით ადრე იყო ორბანის წრის წარმომადგენელი, თავის სასარგებლოდ შეძლო ორბანის პარტიის შეცდომების პოლიტიკური კონვერტაცია. აქ საუბარია კორუფციაზე, ფუფუნებაზე, კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე ხელის დაფარებაზე, ეკონომიკურ უკუსვლასა და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხზე, რომლებითაც დაზარალდნენ უნგრელები. მადიარმა ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რაც ხალხის გაბრაზებაზე მეტყველებს. დაახლოებით 80%-იანი საარჩევნო აქტივობა ბევრ რამეზე მიუთითებს. თავად ორბანმაც აღიარა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომ ამომრჩეველთა ასეთი აქტივობა მიანიშნებდა მის დამარცხებას და შედეგად – ძირეული რეორგანიზაციის აუცილებლობას საკუთარ პარტიაში. უნგრული საარჩევნო სისტემა ითვლება სუპერმაჟორიტარულად, რაც მონაწილეებს აძლევს საშუალებას, ერთმა კონკრეტულმა პარტიამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასე იყო „ფიდესის“და ასე იქნება „ტისას“ დროსაც. არ დაგავიწყდეთ, ის 27 ულტიმატუმი, რომელიც მყისიერად წარუდგინა ბრიუსელმა მადიარს, მეტყველებს იმაზე, რომ პეტერი არ იყო კლასიკური ლიბერალი, მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელის დაკრულზე იცეკვებდა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მადიარის ხისტმა პასუხებმაც, განსაკუთრებით – ემიგრაციაზე. ახლა მადიარის უპირველესი ამოცანაა, განბლოკოს ორბანის დროს გაყინული მრავალმილიარდიანი დახმარებები ბრიუსელიდან, მიაღწიოს იმას, რომ უკრაინამ გახსნას ნავთობსადენი „დრუჟბა“ და ეს ყველაფერი აისახოს უნგრელთა ცხოვრებაზე. აი, სწორედ ეს იყო ორბანის შეცდომა, რომ ბრიუსელთან და უკრაინასთან დაპირისპირებით, სოციალურად და ეკონომიკურად დააზარალა უნგრელები. ამიტომაც ვეღარ დააგროვა მან სათანადო ხმები ამ საპარლამენტო არჩევნებში. ის კლასიკური იარლიყი, რომელიც მადიარს, მათ შორის ევროპელმა ნეოლიბერალებმაც, მიაწებეს, რომ „მათი კაცია“, „მათი პოლიტიკის თანმხვედრია“, არ იქნება ისეთი ხავერდოვანი, როგორც მათ ჰგონიათ. რასაკვირველია, პეტერი არ იქნება ორბანივით ხისტი, მაგრამ არც ზედმეტად შეარბილებს პოლიტიკას. ალბათ მიბაძავს თავის კოლეგა ჯორჯა მელონის, რომელიც დიახ, მემარჯვენე ცენტრისტია კონსერვატიული ფასეულობებით, მაგრამ, ამავე დროს, ბრიუსელთან არ ჯიუტობს იმისათვის, რომ სარგებელი არ დაეკარგოთ იტალიელებს ევროკავშირიდან.
– პრინციპში, უკრაინისთვის გამიზნულ 90 მილიარდ დოლარს მოეხსნა ტექნიკური ვეტო, ვიქტორ ორბანმა რომ დაადო. . .
– დიახ, ახლა ამ კუთხითაც დაიწყება პროცედურები, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია გავარკვიოთ, კლასიკურად, არის თუ არა პეტერ მადიარი ე.წ. ლიბერალი, რასაც გვაჩვენებს უახლოესი მომავალი… და კიდევ ერთი, უნგრელებს ძალიან აინტერესებთ, თუ როგორ გადაწყდება 17 მაისს ლგბტ აქციის ჩატარების საკითხი. როგორც ვიცით, სხვადასხვა კანონი არის მიღებული ორბანის დროს, მათ შორის ოჯახური ფასეულობების დაცვაზე. საინტერესოა, მადიარის საპარლამენტო უმრავლესობა გააუქმებს თუ არა ამ კანონებს და გაუქმების შემთხვევაში, თუ დაეთანხმებიან ამას უნგრელები. მათთვის ხომ მთავარი იყო კონსერვატიული ფასეულობების დაცვა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, რაც გაუარესდა ორბანის დროს, მაგრამ ახლა, თუ ეკონომიკური პრობლემები რაღაც ეტაპზე შემსუბუქდება, რა იქნება ფასეულობებთან დაკავშირებით, არავინ იცის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. როგორც ამბობენ, უმაღლესი თანამდებობის დაკავებიდან 100 დღე თუ ნახევარი წელი საგამოცდოა ნებისმიერი ლიდერისთვის.
– თბილისში ტრამპთაუერის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით რას იტყვით, რამდენად მეტყველებს ეს ფაქტი ტრამპის კეთილგანწყობაზე „ქართული ოცნების“ მიმართ?
– მსოფლიოში კარგად ცნობილი ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წახალისება და იმის დასტური, რომ აქ არის მშვიდობიანი პროგნოზირებადი გარემო, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ მრავალი წლის განმავლობაში. გასაგებია, რომ „ტრამპორგანიზეიშენის“ დამფუძნებელი და მფლობელი არის თავად დონალდი, მაგრამ კანონმდებლობიდან გამომდინარე, ახლა კომპანიას ვერ მართავს და საქმე ჩააბარა ვაჟებს – ერიკს და დონალდ უმცროსს. ეს უდიდესი კომპანია არის როგორც პრეზიდენტ ტრამპის შვილების, ასევე, მისი რძლების საოჯახო ბიზნესი, რაც, ბუნებრივია, ადასტურებს, რომ ამ ბრენდის აქ შემოსვლა სწორედ ქვეყნის სანდოობამ განაპირობა. თავისთავად ისიც ჩანს, რომ ეს არ მოხდა სარფიანი პირობების შეთავაზების გამო, აქ, უპირველესად, იკითხება მსოფლიო ლიდერის პოლიტიკური ნება. რასაკვირველია, აქაც იქნება წინააღმდეგობები, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არის არაერთი შეკითხვა ცათამბჯენებთან, დეველოპერული ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე ქაოტურად მიმდინარეობდა. ამიტომ მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვებს და ყველას გაუქარწყლოს ეჭვები აქტიური კომუნიკაციით და იმის ახსნით, რომ არანაირი არაბიზაცია არ მოხდება ერთი პროექტის შემთხვევაში და არც მეორე პროექტის რეალიზაციით დაიწყება საქართველოს ამერიკანიზაცია თუ ე.წ. ეფშტეინიზაცია.
ირმა ცეცხლაძე