ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრები პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა
საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით ხორციელდება და ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენას ემსახურება.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დამთვალიერებლებს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შესახებ ინფორმაცია აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა ზოიძემ ხელოვნების მუზეუმის მმართველ ლელა ცხოიძესთან და მონაწილე მხატვრებთან ერთად გააცნო.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო ჩაკვეტაძის, ეკატერინე მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის, ლია შველიძის, ირინა ტორონჯაძის, ეკატერინე ცინცაძის, თამთა დარჩიას, მაია გერსამიასა და დიანა თალაკვაძის ნამუშევრები.
ექსპოზიცია ქართველი ქალი მხატვრების სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებშიც ასახულია ქართული კულტურული იდენტობა, ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე სამყაროს აქტუალური თემები.

Art Shopping-ში მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
2026 წლის 1 მარტს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა სახელწოდებით „ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ ჩატარდა. წარმოდგენილი ექსპოზიცია 2026-2028 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმყოფებიან ქართველი ქალი მხატვრები Art Shopping-ზე.
Art Shopping-ში 500-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს. ღონისძიებას სამი დღის განმავლობაში 100 000-მდე ვიზიტიორი ჰყავს.
