ქართველი კარატისტების წარმატება – თურქეთში
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა თურქეთის ღია ჩემპიონატზე სპორტულ კარატეში. ტურნირში 26 ქვეყნის ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა ვაჟთა და გოგონათა შორის ყველა ასააკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
საქართველოს ნაკრებმა კუმიტეში 4 ოქროს, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.
ეროვნული ნაკრების ღირსებას აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციის ნაკრების წევრებიც იცავდნენ, რომლებმაც ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თურქეთის ღია ჩემპიონატის ჩემპიონები გახდნენ ანდრია არჯევნიშვილი და გიგი ბაკურიძე, ვიცეჩემპიონობა ანდრია ონიანმა და თამარ ცინცაბაძემ მოიპოვეს, დემეტრე ცინცაძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
აჭარის ნაკრებმა მომავალი ტურნირებისათვის მზადება უკვე დაიწყო.
– ხუთი შეხვედრა მქონდა, აქედან შედარებით რთული ნახევარფინალი იყო. შევხვდი რუს სპორტსმენს, დავამარცხე და გადავედი ფინალში. ფინალიც არ იყო ადვილი, მაგრამ აქაც შევძელი მოგება და პირველი ადგილი მოვიპოვე, – თქვა გიგი ბაკურიძემ.
– ძლიერი სპორტსმენები მონაწილეობდნენ და ამიტომ გამიცდილების მისაღებადაც კარგი ტურნირი იყო. ხუთი ბრძოლა ჩავატარე. ნახევარფინალი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შევხვდი ირანელ სპორტსმენს. ეტყობოდა, რომ გამოცდილი და კარგად მომზადებული იყო, მაგრამ მაინც დავამარცხე. ფინალში ძალიან გადაღლილი ვიყავი და თურქ ძლიერ სპორტსმენთან, სამწუხაროდ, დავმარცხდი. ვაპირებ ვარჯიშების გაგრძელებას და სამომავლოდ უკეთესი შედეგების ჩვენებას, – გვითხრა თამარ ცინცაბაძემ.
– პირველი ბრძოლა ანგარიშით 5:2, მეორე – 5:3 და ბოლო შეხვედრა 2:1 მოვიგე. ახლა მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ვემზადები, რომელიც სექტემბერში გაიმართება და შევეცდები იქაც კარგი შედეგი ვაჩვენო, – აღნიშნა ანდრია არჯევნიშვილმა.
– მაღალი დონის ტურნირი იყო, 26 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს და კონკრეტულად აჭარის ნაკრებს კარგი შედეგები ჰქონდა. ბრძოლების ხარისხი ძალიან მაღალი იყო, რადგან პირველი ნომრები გამოდიოდნენ. ჩვენ არ ვჩერდებით, მუშაობას ვაგრძელებთ და ვემზადებით ასეთ მაღალ ტურნირებში მონაწილეობისთვის. სამ თვეში თურქეთში კასპიისა და შავი ზღვისპირეთის ჩემპიონატი იმართება, რომელშიც მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ და მაღალი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ, – აღნიშნა აჭარის სპორტული კარატეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანუჩარ ჩხაიძემ.
მანანა ძიძიშვილი