ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნენ
ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. მათ შორის გამორჩეულია ორი საყურე და ოქროს საკიდი, რომლებიც ძვ. წ. IV–III საუკუნეებით თარიღდება.
ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე მოადგილე ირმა აბულაძესთან, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ლაშა მიქელაძესთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტთან ერთად გაეცნო. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ექსპედიციის მიმდინარეობის, ჩატარებული კვლევებისა და გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის შესახებ.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ფიჭვნარის არქეოლოგიური კვლევა მნიშვნელოვანია რეგიონის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, დაცვისა და წარმოჩენის თვალსაზრისით.
ელინისტური ხანის სამაროვნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სარიტუალო დანიშნულების მოედნები, რომელთა შესწავლისას გამოვლინდა მძივები, ოქროს საყურეები, ოქროს საკიდი, ასევე, ამფორების, დოქების, ჯამებისა და სხვადასხვა სახის იმპორტული კერამიკის ფრაგმენტები.
აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ელინისტური ხანის საზოგადოების დაკრძალვის წესების, რიტუალური პრაქტიკისა და მატერიალური კულტურის შესასწავლად. ამასთან, იმპორტული კერამიკის აღმოჩენა საყურადღებოა იმ პერიოდის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების კვლევის თვალსაზრისით.
ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.