ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
4000-მდე ფერმერს სასოფლო – სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა თანადაფინანსების ფარგლებში გადაეცემა.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ფერმერებისთვის ტექნიკის გადაცემის პროცესს დაესწრო.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა და ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება მოტოკულტივატორები, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მარცვლეულის საფქვავები, რძის საწველი აპარატები, მეფუტკრეობის, მესათბურეობის, სამაცივრე მეურნეობის, ელექტროღობის, ჩირის, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებები, ასევე, სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე.