უსკოს წარმომადგენლები სერბეთის რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდნენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პაატა კეშელავა და უსკოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნესტან ნაკაშიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციის შემადგენლობაში, სერბეთში 2026 წლის 25 ოქტომბერს გამართული, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდნენ.

სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, უსკოს წარმომადგენლები ცესკოს წევრებთან — გიორგი ჭიქაბერიძესა და დიმიტრი ჯავახაძესთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით, ბელგრადში რამდენიმე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.
უსკოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის წევრ ველკო პეროვიჩთან და გაეცნენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის განხორციელებულ საქმიანობას. სხვა მოწვეულ დელეგაციებთან ერთად, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საერთო პლენარულ შეხვედრაში, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მარკო იანკოვიჩის ხელმძღვანელობითა და კომისიის წევრის მარია იოვანოვიჩის მონაწილეობით გაიმართა.
„ჩვენ მიერ მონახულებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობდა. დაკვირვებამ შესაძლებლობა მოგვცა, უშუალოდ გავცნობოდით სერბი კოლეგების მუშაობის პრაქტიკას. ამგვარი ვიზიტები ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ პაატა კეშელავამ.