უსკომ ახალ საარჩევნო კანონთან სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი დაასრულა
By

უსკომ ახალ საარჩევნო კანონთან სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი დაასრულა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) მორიგი, №4 სხდომა გაიმართა. კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიიღო. ამით უსკომ კანონით განსაზღვრულ ვადაში – 1 სექტემბრამდე, წარმატებით დაასრულა მოქმედი რეგულაციების ახალ საარჩევნო კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ეტაპობრივი პროცესი, რასაც შემაჯამებელი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა უწყების შემდგომი საქმიანობისთვის.
სხდომაზე მიღებული აქტებით, დეტალურად მოწესრიგდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დამტკიცდა უსკოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება, ხოლო ცვლილება განხორციელდა უსკოს რეგლამენტში. ამავე სხდომაზე დამტკიცდა უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების (საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის, ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტების) განახლებული დებულებები. აღსანიშნავია, რომ ივლის-აგვისტოს პერიოდში კომისიამ ეტაპობრივად მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებითაც ახალი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწესრიგდა საარჩევნო პროცედურების განხორციელების, დოკუმენტაციის წარმოების, არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაციის, მედიის აკრედიტაციისა და დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეიქმნა ახალ საარჩევნო კანონთან შესაბამისი, გამართული სამართლებრივი ბაზა, რაც ეფექტიანი საარჩევნო ადმინისტრირებისა და მომავალი არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების აუცილებელი წინაპირობაა.

სხდომის დასრულების შემდეგ, გაზეთ „აჭარასთან“ კომენტარი გააკეთა უსკოს ახალმა თავმჯდომარემ პაატა კეშელავამ, რომელიც უწყების თანამშრომლებსა და კომისიის წევრებს სულ ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 6 ივლისს წარედგინა.

„აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განვიხილეთ და შესაბამისი სამართლებრივი აქტები მივიღეთ. ამით, კანონით დადგენილ ვადაში 1 სექტემბრამდე, დავასრულეთ უსკოს მოქმედი რეგულაციების ახალ საარჩევნო კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ეტაპობრივი პროცესი.

ივლისსა და აგვისტოში მიღებული აქტებით მოწესრიგდა მომავალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, მათ შორის, საარჩევნო პროცესის ორგანიზებისა და უსკოს შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის იურიდიული საფუძვლები. ასევე, არასაარჩევნო პერიოდისთვის განისაზღვრა უსკოში მედიის აკრედიტაციისა და ჩართული მხარეების რეგისტრაციის პროცედურები.

შედეგად, შეიქმნა ახალ საარჩევნო კანონთან ჰარმონიზებული და პრაქტიკაში გამოყენებადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს უსკოს საქმიანობის თანმიმდევრულად წარმართვას და ჩართული მხარეებისთვის მკაფიო წესების განსაზღვრას“, – გვითხრა პაატა კეშელავამ.

დადუ გაბაიძე

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *