უმაღლეს საბჭოში უცხოელ საჯარო მოხელეებს უმასპინძლეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიული განვითარების პროგრამის – „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ ფარგლებში, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ უცხოელ საჯარო მოხელეებს შეხვდა.
უმაღლეს საბჭოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე გოგი ფუტკარაძემ სტუმრებს რეგიონის მართვის სპეციფიკა, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ფრაქციის თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა უცხოელი საჯარო მოხელეების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკას შეეხებოდა.
პროგრამა – „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“, საგარეო დახმარების კოორდინაციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2025 წელს დაინერგა და განკუთვნილია სხვადასხვა რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის.
პროექტის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის ზრდა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ხელშეწყობაა. ამ ეტაპზე, სასწავლო კურსი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 18 ქვეყნის (ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ბარბადოსი, ბოლივია, გრენადა, ეკვადორი, ელ-სალვადორი, კოსტა-რიკა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, ტრინიდადი და ტობაგო, ურუგვაი, ჰაიტი) 19 წარმომადგენლისთვის იმართება.
სასწავლო ვიზიტი 18 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ვიზიტები და შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა მათ წარმომადგენლებთან. მონაწილეებს შესაბამისი მიმართულებებით ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები.