უკრაინამ რუსეთსა და ყირიმს 660 დრონით შეუტია
By

უკრაინამ რუსეთსა და ყირიმს 660 დრონით შეუტია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით თავდასხმები განახორციელა მოსკოვზე, ოკუპირებულ ყირიმსა და ტულის ოლქზე.

მედიასაშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, კალუგის, ლიპეცკის, როსტოვის, ვორონეჟის, ტულის, რიაზანის, ასტრახანისა და მოსკოვის ოლქებში, დედაქალაქ მოსკოვში, ასევე, ანექსირებულ ყირიმში, შავი და აზოვის ზღვების თავზე 660 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„ტელეგრამ“ არხის ცნობით, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში, ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“ ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გამოცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. „აზოტის“ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქარხანა ამიაკისა და აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში.

ტულის ოლქის გუბერნატორმა დიმიტრი მილაევმა განაცხადა, რომ მის რეგიონში დრონებით მასობრივი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად, შჩეკინოს რაიონის დასახლებულ პუნქტში კერძო სახლი დაზიანდა და ქალი დაშავდა. გარდა ამისა, მისი თქმით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სამრეწველო ობიექტი ნოვომოსკოვსკში. გუბერნატორის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოლქში 157 უკრაინული დრონი გაანადგურა.

დრონებით შეტევა განხორციელდა დედაქალაქ მოსკოვზეც, რის გამოც დომოდედოვოს, ვნუკოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა. ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმების შესახებაც. ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან, რომ შეტევა განხორციელდა ქერჩზე. ნასას სერვისმა საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების ტერიტორიასა და აეროდრომზე ხანძარი დააფიქსირა.

 

  • No Comments
  • ივნისი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *