უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 265 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 314 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 204, კახეთში – 191, იმერეთში – 152, სამცხე-ჯავახეთში – 81, ქვემო ქართლში – 55, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 49, გურიაში – 45, შიდა ქართლში – 40, მცხეთა-მთიანეთში კი – 35.
7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.