ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ,,აჭარის სატყეო სააგენტო’’ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს ეტაპობრივად ახორციელებს. აჭარის სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ტყის დაცვისა და გაჯანსაღების მიზნით, ტყის კორომებში 2 100 ერთეული ფერომონიანი მწერსაჭერის განთავსება დასრულდა. მონიტორინგის შედეგად, 28 კილოგრამი მავნე მწერი განადგურდა.
მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს ლაბორატორიაში გამოყვანილია ენტომოფაგი ფორმიკარუსი (Thanasimus formicarius). მიღებული ენტომოფაგის ჩასახლება ქერქიჭამია მავნებლებით დასახლებულ ნაძვნარ კორომებში განხორციელდა.
,,ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე მოინიშნა 3 500 კუბური მეტრი ხე-ტყე. ამჟამად მიმდინარეობს მისი დამზადება და დანიშნულების ადგილამდე გამოტანა. დღეის მდგომარეობით, ათვისებულია 2 700 კუბური მეტრი ხე-ტყე, ხოლო სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით გრძელდება.
განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მავნე მწერების გავრცელების კონტროლსა და დაზიანებული ტყის კორომების გაჯანსაღებას.
ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სსიპ ,,აჭარის სატყეო სააგენტოს’’ უფროსი ელდარ ცინცაძე, უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, ასევე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სტაჟიორები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.