სხდომა – დახურულ კარს მიღმა,  პროტესტი და პოლიტიკური გზავნილები
By

სხდომა – დახურულ კარს მიღმა,  პროტესტი და პოლიტიკური გზავნილები

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა. დახურულ კარს მიღმა პარტიის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა, რომელსაც პარტიის ლიდერებთან ერთად ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.
ოფიციალური განცხადებების მიხედვით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები იყო.
პრემიერის განცხადებით, საუბარი შეეხო არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ თავად მმართველ გუნდში განვითარებულ პროცესებსაც. ასევე, განიხილეს საგარეო პოლიტიკური ვითარება.
„ზოგადად რა პროცესებიც წარიმართა ქვეყნის შიგნით, მათ შორის გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას, საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ. იყო კითხვა-პასუხის რეჟიმიც. აღსანიშნავია, რომ იყო გარკვეული სპეკულაციები სხვადასხვა თემასთან მიმართებაში, თუმცა არსებითად მიმდინარე პოლიტიკური საკითხები – შიდაპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური საკითხები იყო განხილული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო „ქართული ოცნების“ გუნდში წარსულში არსებულ კორუფციულ პრობლემებს. მმართველი გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში „ქართული ოცნების“ გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად არის გადალახული.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების საკითხსაც. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა.
„ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა“, – განაცხადა პრემიერმა მედიასთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე განიხილეს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებული ინიციატივები და რეფორმები. შეხვედრის ერთ-ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური საბჭოს გაფართოება.
„პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მივიღეთ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე ყველაზე მეტი ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა და მისი მისამართით გაკეთებული შეფასებები დადებითი იყო.
„რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან მისი მეთაურობით საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება. როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
შეხვედრამდე არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი საკადრო ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამოცხადება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ და შეკრებას რიგით სამუშაო სხდომად წარმოაჩენდნენ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მმართველი პარტიის გორგასლის ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ ოფისთან გამართეს. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დროშები და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები. მათ შორის იყო წარწერები: „ქოცობა = ქვეყნის ღალატს“ და „სისხლიანი 14 წელი“.
მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისკენ იყო მიმართული. აქტივისტები ამბობდნენ, რომ სურდათ ეჩვენებინათ, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების მიუხედავად, პროტესტი არ გამქრალა და გაგრძელდება.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *