სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან, სექტემბერში, სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.
უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში : წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“, აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV; სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს ,,იგოეთი“ (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) – აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV; ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) – მწარმოებელი შპს „დაბი“ (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) – აღმოჩნდა Sudan Red G; სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) – მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) – აღმოჩნდა Sudan I. აღნიშნული დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს.