სტამბოლში თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
„სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა“, – განაცხადა სტამბოლში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო კვლავ მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას.
„მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა მოგესალმოთ საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სტამბოლში, ამ დიდებულ ქალაქში. სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა. ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას.
ეროვნული დღე სწორედ ის დღეა, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ საღამოს სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქართულ მუსიკას – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოხატულებას, მათ შორის, ქართული პოლიფონიური სიმღერის უნიკალურ ტრადიციას, რომელიც როგორც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ძლიერი კავშირის სიმბოლო, „იუნესკოს“ მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილადაა აღიარებული“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.