სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/სთ-მდე შემცირდება
By

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე სიჩქარის ლიმიტი 30 კმ/სთ-მდე შემცირდება

სკოლების მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრება იგეგმება. სპეციალური საგზაო მონიშვნებით განსაზღვრულ სასკოლო ზონებში სატრანსპორტო საშუალებების 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება.
ცვლილებები 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია გათვალისწინებული და მიზნად სასკოლო ტერიტორიებთან არასრულწლოვანთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს.
„არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამის რეგულირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა.
აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე, საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის“,- აღნიშნულია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *