„სიცილისა და მხიარულების საღამო“ – ბათუმიდან – ქუთაისში
By

„სიცილისა და მხიარულების საღამო“ – ბათუმიდან – ქუთაისში

პროექტის „კურიოზული ამბები სერიოზული ხალხისგან – სიცილისა და მხიარულების საღამო“ ფარგლებში, ანსამბლი „ბათუმური ჰანგები“ მიწვეული იყო ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისის ცნობილი ანსამბლის „აისის“ 50 წლისა და საზოგადოება „ქუთაისელთან“ არსებული გაზეთ „უქიმერიონის“ 35 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოში მონაწილეობისთვის. პროექტის დირექტორი აჭარის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და კულტურის დამსახურებული მუშაკი არჩილ მამულაძე გახლავთ.

ანსამბლ „ბათუმური ჰანგების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ოპერის მომღერალი იმედა მამალაძეა, მუსიკალური ხელმძღვანელი – ლოტბარი, პედაგოგი, ანსამბლ „გამთენიონის“ ხელმძღვანელი, აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი სოლისტი ნოდარ ბერიძე, კონცერტმაისტერი – ოპერის ყოფილი სოლისტი, ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილი სოლისტი, კომპოზიტორი და მხატვარი თამაზ ზარქუა. მათთან ერთად მღერიან ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ცენტრის კაპელის მსახიობ-მომღერალი, ბათუმის მერიის ა(აიპ)კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლის მსახიობ-მომღერალი, საზღვაო აკადემისს კურსდამთავრებული თეა ბერიძე; ბათუმის მერიის ა(აიპ)კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა ვოკალური ანსამბლის მსახიობ-მომღერალი ნონა ლორთქიფანიძე და ბათუმის მერიის ა(აიპ)კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა ვოკალური ანსამნლის მსახიობ-მომღერალი, ფერიის საჯარო ბაღის მუსიკის მასწავლებელი ნანა ჯაყელი.
საღამოს უძღვებოდა ტელეწამყვანი ზაზა ალექსიძე, ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო ქუთაისის სპორტის საქალაქო ღონისძიებების მართვის განყოფილების უფროსი, პოეტი მანანა მანაგაძე. ღონისძიება გახსნა იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქუაისელის“ პრეზიდენტმა თეიმურაზ ლამჩავამ. დამსწრე საზოგადოებამ პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილი მიაგო. შესრულდა საგალობელი „ჩვენთან არს ღმერთი“.

– ყველასთვის ცნობილია, რომ ბათუმში დაფუძნდა პროექტი „კურიოზული ამბები სერიოზული ხალხისგან – სიცილისა და მხიარულების საღამო“, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ანსამბლი „ბათუმური ჰანგები“, რომელიც პროფესიონალი მომღერლებით დაკომპლექტდა. ბათუმში წარმატებით ჩატარებული რამდენიმე კონცერტის შემდეგ, დაიგეგმა ღონისძიების ჩატარება ქუთაისში, სადაც მიგვიწვია ქუთაისის სპორტის საქალაქო ღონისძიებების მართვის განყოფილების უფროსმა მანანა მანაგაძემ. მინდა აღვნიშნო, რომ დრამატული თეატრის დარბაზი მაყურებლით იყო გადაჭედილი, დაახლოებით 1300 ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას, რაც სასიხარულოა. ქუთაისის ცნობილ ანსამბლ „აისს“ 50 წელი შეუსრულდა. კონცერტში მონაწილეობდა 3 თაობა, დაახლოებით 250 მოცეკვავე, ასევე, აღნიშნა საზოგადოება „ქუთაისელთან“ არსებულ გაზეთ „უქიმერიონის“ 35 წლის იუბილე. ასე ვთქვათ, ყველაფერი ერთად აღვნიშნეთ. როცა მიგვიწვიეს, ჯერ საუბარი იყო 2-3 სიმღერაზე, მაგრამ ჩვენს პროგრამას რომ გაეცნენ, „ბათუმური ჰანგები“ სრული რეპერტუარით – 16 მუსიკალური ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. როგორც ძველ რეჟისორს დამდეს პატივი, ამ ღონისძიების რეჟისურა გამეკეთებინა. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იყო საოცარი ემოცია, უწყვეტი ტაში და ზღაპრული საღამო, რომელსაც გრანდიოზული ბანკეტი მოჰყვა.

სამომავლოდ, სოლო კონცერტით ვგეგმავთ ქუთაისში ჩასვლას. ბათუმშიც, ცხადია, ვაგრძელებთ, იუმორისა და სიცილის საღამოებს, როგორც სალონურ, ისე საკონცერტო ღონისძიებებს. უნდა აღინიშნოს, რომ 7 თვის განმავლობაში, ამ მცირე დროში, 6 ღონისძიება ჩავატარეთ სრული ანშლაგით. რა თქმა უნდა, ზაფხულშიც გვექნება ბევრი კარგი საღამო, – გვითხრა პროექტის დირექტორმა არჩილ მამულაძემ.

მარიამ ხითარიშვილი

 

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *