სახალხო დამცველმა პარლამენტს 2025 წლის ანგარიში წარუდგინა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები გამოყო, მათ შორის, არაერთ სოციალურ საცხოვრისსა და მსგავსი ტიპის შენობებში არსებული უკიდურესად მძიმე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა მიმოიხილა.
უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა, რომელთა საცხოვრებლის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული სტიქიური პროცესებისგან გამოწვეულ რისკებთან და სახელმწიფოს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობასთან.
ასევე, კვლავ არ გაზრდილა დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებლის შესასყიდად განსაზღვრული ფინანსური ლიმიტი, რაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდის პირობებში, აფერხებს ეკომიგრანტი ოჯახების დროული და ეფექტიანი განსახლების პროცესს.
უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებული სხვა ჯგუფებისთვისაც. განსაკუთრებით აქტუალურია დევნილთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
2025 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 300 492 იძულებით გადაადგილებული პირი და 97 280 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 45 160 ოჯახი ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებლით.
„მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო წელს გაიზარდა გრძელვადიანად განსახლებული ოჯახების რიცხვი და 4 636 შეადგინა, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 6 შენობა გამოთავისუფლდა.
თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა და დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე 30 წელზე მეტია ცხოვრობს დროებით, არასტაბილურ ან საცხოვრებლად უვარგის პირობებში.
საანგარიშო წელს უცვლელი იყო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის დადგენილი 300-ლარიანი ლიმიტი, რომლის გადახედვაც ჯერ კიდევ 2024 წელს იგეგმებოდა.“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.