საქართველო და ალბანეთი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე
შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი სამიტის ფარგლებში, ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, კლოდიანა სპახიუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ალბანეთის ურთიერთობებსა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში არსებული პარტნიორობის განვითარებაზე.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა იყო. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოსთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალბანურ მხარეს მადლობა გადაუხადა ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს საქართველოში ჩამოსვლისთვის და ქართველი ხალხისთვის ილია მეორის გარდაცვალების სამძიმრის გამოცხადებისთვის.
სამიტში მონაწილეობს ქართული საპარლამენტო დელეგაციაც, რომელსაც შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.