სამუფთოს რესტავრირებული ოფისი გაიხსნა
შუახევში, ხიჭაურის დასახლებაში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუახევის სამუფთოს რესტავრირებული ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელები დაესწრნენ.

– დავათვალიერეთ განახლებული სივრცე და ვისაუბრეთ ქვეყნისა და რეგიონის რეალობაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა ის განსაკუთრებული ურთიერთობები და საერთო ღირებულებები, რომლებითაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობა ყოველთვის გამოირჩეოდა. ეს ჩვენი მხარის ის სიმდიდრეა, რომელსაც განსაკუთრებულად ვაფასებთ. ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია მშვიდობისკენ, ქვეყნის კეთილდღეობისკენ, ჩვენი შვილების წარმატებისა და ერთიანი საქართველოს ძლიერებისკენ,- თქვა ღვთისმსახურებთან შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.
თამაზ მგზავრიძე